- მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.
ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებულია 1548 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა სულ 1270 პაციენტი.