- „ბიბისის“ ცნობით, გერმანიაში ლენინის ძეგლი დადგეს. მონუმენტის დადგმის ინიციატორი გერმანიის „მარქსისტ-ლენინისტური პარტია“ იყო. 1957 წელს შექმნილი ძეგლის ავტორი ჩეხი მოქანდაკეა. მონუმენტი გერმანული პარტიის წევრებმა ინტერნეტში 16 000 ევროდ იყიდეს. ის ქალაქ გელზენკირხენში დადგეს.
„მონათმფლობელების, დესპოტებისა და ომის გამჩაღებელთა ქანდაკებებს მთელ მსოფლიოში ანადგურებენ. ჩვენ დროულად გადავწყვიტეთ დავუდგათ ძეგლი რევოლუციონერ, მშვიდობისთვის მებრძოლ მარქსისტს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მომავალს და სოციალიზმის ახალ ეპოქას კაპიტალიზმის გარეშე“, – განაცხადა მარქსისტ-ლენინისტური პარტიის ლიდერმა, გაბი ფაჰთნერმა.
გერმანიის „მარქსისტ-ლენინისტური პარტია“ 1982 წელს შეიქმნა და 3 000 წევრს აერთიანებს.
გელზენკირხენში ლენინის ძეგლის დადგმა ყველა პარტიამ გააპროტესტა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქში ლენინის მონუმენტის ადგილი არ არის.
„ძალიან რთულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ 21-ე საუკუნის დიქტატორი კვარცხლბეკზე დგას და მას მონუმენტი მიუძღვნეს“, – განაცხადა გელზენკირხენის მერმა.
თუმცა, სასამართლომ მთავრობის არგუმენტები არასათანადოდ გამოაცხადა და ძეგლის დადგმის ნებართვა გასცა. ლენინის ძეგლი გერმანიის „მარქსისტ-ლენინისტური პარტიის“ შტაბბინასთან დადგეს.