- ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან, დღეს, განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ვერ ხედავს, ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობის დაბრუნების აუცილებლობას.
„ახლა სხვა რამეა საჭირო – რა მინიმალური შეზღუდვებიც ახლა არსებობს, რომ პირბადეები ვატაროთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი ავარიდოთ, ეს უნდა დავიცვათ და თუ სიტყვა გამკაცრებას ვიტყვით, სწორედ ეს უნდა გამკაცრდეს, რომ დაცული იყოს არსებული მინიმალური შეზღუდვები და არა ის, რომ “კომენდანტის საათი” დაწესდეს და ქალაქებს შორის მიმოსვლა შეწყდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.