- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, გონიო-ანაკლიის აკვატორიაში საზღვაო ექსპედიცია განახორციელეს.
უწყების ცნობით, კვლევებით განისაზღვრება ზღვის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრები, ასევე, პლანქტონური და ფსკერული ორგანიზმების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
“კვლევის საფუძველზე, შესაძლებელია ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა და შეფასება.
აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და კონტინენტური შელფის გარემოს მდგომარეობის შეფასებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.