გარემოვაჭრეების ინფორმაციით, დღეს, მათთან იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლები, რომლებმაც სიტყვიერად, კიდევ ერთხელ გააფრთხილეს გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთმა მოვაჭრემ მარინა ფარულავამ „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ მათთვის არ არის მისაღები მერიის მიერ შემოთავაზებული, ალტერნატიული, თავისუფალი ფართები ბაზრის შიგნით ახალაშენებულ შენობაში. „ჩვენთან მოვიდნენ ზედამხედველობის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილეს, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ. ვფიქრობთ, ხვალიდან დაიწყებენ ჩვენს “აყრას”, რაც შეეხება ალტერნატიული ფართებით ჩვენს დაკმაყოფილებას, არ გვაწყობს მერიის შემოთავაზებული ადგილი, შენობები “კვარაცხელიას ბაზრობის” წინ. აქ არ გვყავს მყიდველი და იქ ვინ შემოვა საქონლის საყიდლად? გარდა ამისა, გადასახდელ თანხასაც ვერ გადავიხდით.“
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის გარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 80–მდე ქალბატონი მუშაობს და ეს არის მათი საარსებო წყარო. „ამბობენ, ქალაქის იერ-სახეო, მთავრობამ დაგვასაქმოს, ჩვენც არ გვინდა წვიმაში და სიცივეში დგომა. ჩვენ, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს შვილებს წაართვან ლუკმა-პური. თუ მოვლენ, ჩვენც დავხვდებით, არ დავთმობთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მერმა თქვა, რომ სამი თვე გადასახადებს არ გადავახდევინებთო, მაგრამ არ გვჯერა. ჩვენ სამუშაო ტერიტორიებს არ დავტოვებთ.“- გვითხრეს მოვაჭრეებმა.
მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია აცხადებს, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება და გარემოვაწრეები დაიკავებენ მათთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე. მერი მოვაჭრეებს შეჰპირდა, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დასაქმების შემთხვევაში, ისინი, გათავისუფლდებიან ფართზე დაწესებული სამი თვის გადასახადისგან, შემდეგ კი ისარგებლებენ იმ ტარიფით რაც სხვა დასაქმებულების შემთხვევაში არსებობს.