- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის არის საკმარისი.
“ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ”.-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე.
სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას.
ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%. იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.