განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს, თუმცა დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

„კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;

საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;

ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;

ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ.

მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;

დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);

ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;

სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;

ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;

სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;

სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება სკოლების დამატებით ჰიგიენური საშუალებებით საპონითა და ხელსახოცებით უზრუნველყოფას, სამინისტრო სკოლებში ჰიგიენურ საშუალებებს დღესვე მყისიერად შეიტანს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!