გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ხურჩას და ფახულანის მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია-სოციალური სამართლიანობის ცენტრი


სოფელ ფახულანთან არსებული ფახულანი-საბერიოს გამშვები პუნქტი ერთ-ერთია იმ ორ გამშვებ პუნქტს შორის, რომელიც აფხაზეთის რეგიონთან საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას აკავშირებს. თუმცა, ადგილობრივებს საჭირო „სამგზავრო დოკუმენტების“ არარსებობის გამო, არ შეუძლიათ გალის მეზობელ სოფლებში გადაადგილება და საკუთარი ნათესავების მონახულება.

სოფელ ხურჩასთან არსებული ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტი 2017 წლის მარტის შემდეგ გაუქმებულია და ამით სრულიად გაწყდა კავშირი ხურჩასა და გალის სოფლების მოსახლეობას შორის. სოფელი ხურჩას მაცხოვრებლები იხსენებენ წარსულში სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო და ყოველდღიურ კავშირებს და ამბობენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ნაბაკეველი ბავშვები ვეღარ გადმოდიან ხურჩის საბავშვო ბაღში, ხოლო თვითონ წლებია ვეღარ მიდიან ნაბაკევში მათი ნათესავებისა და საფლავების მოსანახულებლად.

ორივე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი უფლებრივი და სოციალური ყოფა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამძიმდა და ვითარება წლების განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება. გაუარესება განსაკუთრებით აისახება აფხაზეთის რეგიონთან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაში და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორივე სოფლიდან მაღალია მიგრაცია, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამ სოფლებში მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო თხილის მეურნეობაა, რომლის ფასიც მოსავლის ხარისხის შესაბამისად წლიდან წლამდე მცირდება. ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი რესურსი რომ მეურნეობას სათანადოდ მოუარონ და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, სახელმწიფოს კი მათ მხარდასაჭერად არ აქვს საკმარისი შეღავათიანი პროგრამები დანერგილი.

ორივე სოფელში გვიყვებოდნენ, რომ ომისა და კონფლიქტის ზონაში ცხოვრება აისახება მათ ყოველდღიურობაზე და მათ მოწყვლადს ხდის. მაგალითად:

1. ადგილობრივებში მაღალია კონფლიქტის განახლების და მათ ყოველდღიურობაზე მისი გავლენის რისკები. ადგილობრივები ყვებიან, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ და სწორედ ამ ადგილებიდან დაიწყო კონფლიქტი ყველა ჯერზე. მაგალითად, სოფელმა ხურჩამ 1993, 1999 და 2008 წლების კონფლიქტები საკუთარ თავზე გადაიარა და სწორედ მათ სოფელში იდგა აფხაზური და რუსული სამხედრო ძალები და შეტაკებებიც აქ ხდებოდა. ხურჩას მოსახლეობა ომმა სამჯერ აყარა საკუთარი სახლებიდან. ამ ტრავმატული გამოცდილების მეხსიერება დღემდე ცოცხალია და ძლიერი;

2. ამ სოფლების მაცხოვრებლების ნაწილმა ე.წ. საზღვრის გავლების გამო დაკარგა მიწები/თხილნარები და ხშირად კარგავენ საქონელსაც, რაც მათ მძიმე სოციალურ ზიანს აყენებს. დაკარგული მიწების სანაცვლოდ სახელმწიფოს მათთვის სხვა მიწის ნაკვეთები არ გადაუცია;

3. ე.წ. საზღვრის კვეთის გამო ხშირია ადგილობრივების უკანონო დაკავების ფაქტები აფხაზეთის ძალების მხრიდან, რაც მათ ფინანსურ ტვირთად აწვება.

გამყოფი ხაზის სოფლებისთვის ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომელიც ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას დააკომპენსირებდა. ამ სოფლებს არ აქვთ მთის სტატუსიც კი, რომელიც მაგალითად, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის სოფლებს, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად ეძლევათ და მთელი რიგი სოციალური შეღავათების მინიჭებას განაპირობებს. ომის ტრავმის გამოცდილების მიუხედავად, ამ სოფლებში არ ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამები.

სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის შენობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. იმ პირობებში როცა ამ სოფლის სკოლით სარგებლობის ინტერესი გამყოფი ხაზის მიღმა სოფელ საბერიოში, გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ, სკოლის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივები სკოლის დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

სოფელ ხურჩაში კი ადგილობრივები სანიაღვრე გზების გაყვანას, სოფლის შიდა გზების დაგებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვას, ასევე სოფლის სამედიცინო ცენტრში ექიმებისა და ექთნის რეგულარული მუშაობის დაწესებას და სოფელში სკოლის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, სოფელში დასაქმების ადგილების გაჩენა მიგრაციის შეჩერების საშუალება გახდება და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამაზე პროაქტიულად იფიქროს”.-აღნიშნულია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!