- ქალბატონ მერი ჭანტურიას, კორცხელის ამბულატორიის ექიმს, მედიცინაში 62 – წლიანი სამუშაო სტაჟით, ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
–ვინ არის ექიმი მერი ჭანტურია?
მერი ჭანტურია: – ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საქმისა და ადამიანების მიმართ უსაზღვრო კეთილსინდისიერებით. მას არ უყვარს ტყუილი და უკანონობა, არის თავდადებული პროფესიონალი და გულმოდგინედ ეპყრობა თითოეულ პაციენტს. მისთვის არ არსებობს სხვა საქმე, რომელიც პაციენტის ინტერესებზე წინ დადგება – არაერთხელ მიუტოვებია პირადი საქმე, რომ სასწრაფოდ პაციენტთან გაჩენილიყო დასახმარებლად.
–მედიცინა, 62 წლის შემდეგ, თქვენთვის არის:
-ცხოვრების აზრი. კორცხელის ამბულატორიაში გატარებული ყოველი წუთი პაციენტებთან ურთიერთობაში სულიერ ძალას მმატებს და ენერგიით მავსებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი გამოჯანმრთელდება და გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს.
–როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია, როდესაც დამსახურებული მოღვაწის ამბავი შეიტყვეთ?
-ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე წარდგენის ამბავი სრულიად მოულოდნელი და სასიხარულო იყო. დამირეკეს და მითხრეს – ზუგდიდის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე ხართ წარდგენილიო. ვერ დავიჯერე და ვუთხარი – გეშლებათ მეთქი. თქვენ ხომ მერი ჭანტურია ბრძანდებითო? დიახ, მეთქი. დიახ, სწორედ თქვენთან ვრეკავო. ეს ჩემთვის დიდი დაფასებაა… მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ღირსად ჩათვალა ჩემი დამსახურების დაფასება.
-“ოქროს სტანდარტი“, რომელსაც 62 წელია არასდროს არღვევთ?
-„ოქროს სტანდარტად“ ჩავთვლი პასუხისმგებლობას სამსახურის მიმართ. 30 წელზე მეტია შვებულებაში არ გავსულვარ, თუ არ ჩავთვლით, ბოლო დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ბიულეტინზე გასვლას. თუმცა, მაშინაც, დროზე ადრე დავბრუნდი სამსახურში, – რადგან გული მიმიწევდა ამბულატორიისკენ და პაციენტებისკენ, ვისაც ჩემი სჯეროდა, მელოდებოდა და ვიცოდი, შევძლებდი დახმარებას.
90-იანებში, „გაჭირვების დროს“, ერთი სოფლიდან მეორეში, ყოველდღე, ფეხით დავდიოდი – 14 კილომეტრს ერთი მიმართულებით, ხოლო უკან მობრუნებისას, მეორე14 კილომეტრს, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი.
–დიდი გამოწვევა, რომელიც კარიერაში გადალახეთ?
-როგორც გითხარით, სწავლის დამთავრებისთანავე, დავიწყე მუშაობა კორცხელის საექიმო ამბულატორიაში თერაპევტად. პედიატრი არ ყავდათ და იძულებული გავხდი, მიმეღო ჩვილი ბავშვი ცხელებით. მას შემდეგ, 10 წელი ვმუშაობდი პედიატრად. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი გამოწვევა.
–ყველაზე ტკბილი მადლობა, რომელიც ამ წლებში გსმენიათ?
-არაერთხელ მსმენია პაციენტებისგან მადლობა – როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით. გაზეთ “ზუგდიდში” პაციენტების მიერ წარდგენილი მადლობის წერილები რამდენჯერმე გამოქვეყნდა. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი სტატია სათაურით: “ყველა ოჯახის იმედი“. რამდენიმე წლის წინ, მივიღე ჯილდო საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაკუთრებული დამსახურებისთვის. მიმდინარე წლის მაისში, პირველი არხის დილის გადაცემაში, ჩემი მოღვაწეობის შესახებ, რეპორტაჟი მომზადდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქალბატონ კესო ბოჭორიშვილს, ბატონ ჯონი ჯანაშიას და დილის გადაცემის მთელ გუნდს.
–რა არის კარგი ექიმის „სუპერძალა“?
-პაციენტის სიყვარული და ინტუიცია.
–როდის ქრება მძიმე სამუშაო დღის დაღლილობა?
-მაშინ, როცა იღებ გამოჯანმრთელებული პაციენტის სამადლობელ სიტყვებს.
–რჩევა დამწყებ კოლეგებს 62 – წლიანი გამოცდილებიდან?
-გულისხმიერად მოუსმინეთ პაციენტებს, დეტალურად შეკრიბეთ ანამნეზი და ანალიზები. კარგად შეკრებილი ანალიზი, სწორი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება. წარმატებებს და მადლიერ, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვუსურვებ ყველა მოქმედ და დამწყებ ექიმს.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ
