- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი”, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის” და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით ფოტომარათონი “კადრის ფესტივალი’’ გამართა.
ფესტივალზე ფოტოგრაფმა ლევან ბაღათურიამ მასტერკლასი “როგორ გადავიღოთ კადრი მობილური ტელეფონით” ჩაატარა.
ღონისძიებაზე 70-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორმა შალვა აგუმავამ “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღის, სასახლის და “მედიასახლის” ერთობლივმა პროექტმა ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
“ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ცდილობს, პროექტის მონაწილეებს ხელი შეუწყოს, შეარჩიონ ლამაზი კადრები და ბაღის სილამაზეები აღბეჭდონ ფოტოებში. ახალგაზრდები ძალიან მონდომებულები და მოტივირებულები არიან. ამ მოტიავაციას ხელს უწყობს მათი შემართება საქმის მიმართ და ბაღის ლამაზი გარემო”.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სასწავლო-მეთოდური განყოფილების უფროსი მედეა თორია ამბობს, რომ დღევანდელი პროექტი შედგა.
“დღეს, შედგა მოსწავლე-ახალგაზდობის სასახლის, ბოტანიკური ბაღის და “მედიასახლის” პროექტი “კადრის ფესტივალი”. პირველი ეტაპი ითვალისწინებს კონკურსანტების მიერ ფოტოების გადაღებას. ჩართულობა და დაინტერესება ძალიან კარგი იყო. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებისთვის ეს იქნება გამოწვევა ფოტოჟურნალისტიკაში და ფოტოხელოვნებაში. ვფიქრობ, პროფესიული დაუფლების თვალსაზრისით, შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს დღევანდელმა ფესტივალმა. მარტის თვეში, გაიმართება მეორე ეტაპი, სადაც მოხდება კონკურსანტების ნამუშევრების შერჩევა და დაჯილდოება. მინდა კონკურსის თითოეულ მონაწილეს წარმატება ვუსურვო”.
ინფორმაციისთვის: მონაწილეების ფოტოებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და 11 ნომინანტს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცემა. გარდა ამისა, გამარჯვებული დამატებით, მიწვეული იქნება საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის“ ვებგვერდების ნიუსრუმში ფოტოგრაფიის მიმართულებით სტაჟირებაზე, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტს ეყოლება თავისი რჩეული, რომელიც გაივლის სტაჟირებას უნივერსიტეტის კინოსკოლაში.