- ზუგდიდში, მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი, დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღ “ფესვებში’’, მეგრულ-აფხაზური სახლის “აბაყას“ გახსნით დაიწყო, ხოლო დასკვნითი ნაწილი ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაიმართა.
მეგრულ-აფხაზური სახლი ,,აბაყა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა და ბაღში სიმბოლურად ნერგებიც დარგო.
ფესტივალში მონაწილეობდნენ პოეტები, მომღერლები და ლაზური ასოციაციები თურქეთიდან, შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლები თურქეთში, პოეტები და ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ფესტივალის კულმინაცია- საქველმოქმედო ფონდმა ,,ხარებამ“ დაასრულა ,,ვეფხისტყაოსნის“ მეგრული თარგმანის “ყილოშტყებამის” გამოცემა, ეს არის ერთადერთი პროექტი სადაც წინათქმა არის სვანურად, ლაზურად და მეგრულად. აღნიშნული გამოცემა საჩუქრად გადაეცათ ლაზებს და შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლებს თურქეთში.
ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა გვასალიას, ემიგრანტთა ბაღ ,,ფესვების“ დამფუძნებლის, პოეტ ლია ნაროუშვილის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას მიშა ბუაძე და ნინო გოგოხია უძღვებოდნენ.