გაიმართა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაცია


დღეს, ზუგდიდის ტექნოპარკში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის’’ წარმომადგენლებმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის’’ პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს შესრულებულ და შესასრულებელ პროექტებზე.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას ინფორმაციით,  ამ ეტაპისთვის, დასრულებულია საინჟინრო კვლევები, გაკეთებულია პორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში. შეხვედრაზე ითქვა, რომ წლის ბოლომდე, იგეგმება რამდენიმე კვლევის დასრულება და მიწის გადმოცემა მთავრობის მხრიდან და დაიწყება მშენებლობა. „ჩვენი მიზანია შევქმნათ მსოფლიო დონის პორტი და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ანაკლიის ტერიტორიაზე, ამით, ჩვენ გვინდა დავუბრუნოთ საქართველოს თავისი ტრანზიტული პოტენციალი  და გავხადოთ კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.’’- განაცხადა ფიჩხაიამ.

მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და მის პოტენციალზე. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობით განვითარების სხვა ეპოქა დაიწყება. „წარმოადგენილი პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. პროექტი  ორმილიარდ ნახევრიანია. აქ ათასობით ადამიანი დასაქმდება, ბევრი ახალგაზრდა დაგვიბრუნდება. ჩვენს აფხაზ ძმებს დავიბრუნებთ ძალიან მალე, მე ამისი მჯერა. მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური განვითარებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში შევქნათ ისეთი განწყობა, რომ ჩვენს ძმებთან აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ვიცხოვროთ, ვაშენოთ ლამაზი საქართველო’’- განაცხადა მხარის გუბერნატორმა ლევან შოიამ.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას.

პრეზენტაციაზე, ჟურნალ ანაკლიის მთავარმა რედაქტორმა რუსუდან ფანოზიშვილმა ისაუბრა ჟურნალის ძირითად თემატიკაზე. მისი განმარტებით, ჟურნალი ქართულ-ინგლისურ ენებზე 2016 წლიდან გამოდის, რომელიც ვრცელდება მთელ საქართველოში.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით: “ადამიანები სანაპიროდან”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!