ბეჭვაიების 11 სიხარული


ნანა ლაგვილავა და ნუგზარ ბეჭვაია ზუგდიდში, ვოროვსკის ქუჩაზე, ფონდ „იავნანას’’ მიერ შეძენილ სახლში, 11 შვილთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათი საარსებო წყარო სოციალური დახმარებიდან დარიცხული 510 ლარია. 

ადრე, ოჯახი, სოფელ ნარაზენში ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვები ჭადრაკით იყვნენ გატაცებული, წარმატებები ჰქონდათ და ხშირად ქალაქში უწევდათ ჩამოსვლა. ქალაქში, ისინი, წლების განმავლობაში, ქირით ცხოვრობდნენ, რაც ოჯახისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ბავშვები ჭადრაკში ექვსი წლიდან დადიან და დიდი წარმატებები აქვთ. ისინი სამეგრელოს მრავალგზის ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები არიან.  რამდენიმე თასისა და მედლის მფლობელები. ოჯახის უფროსი ამბობს, რომ ბავშვებმა წარმატებებს რომ მიაღწიონ, საჭიროა, მათ ჰყავდეთ სპონსორი. მასწავლებლები: გოჩა თორია და მადონა ბოკუჩავა, ბავშვებს, ყველანაირად გვერდში უდგანან. ბატონი ნუგზარის თქმით, ბავშვები, როდესაც ტურნეებზე თბილისში ჩადიან,  მათ, უანგაროდ, ამეცადინებს შავლეგ შამუგია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2av61WOCNwo[/embedyt]

ბეჭვაიების უფროსი შვილი ელისაბედი 22 წლისაა, მეოთხე კურსის სტუდენტია, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გაბრიელი 20 წლისაა, მესამე კურსის სტუდენტია, 50%-იანი გრანტით სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გიორგი 19 წლისაა და ჯარში მსახურობს. სიდონია მე-12-ე კლასშია, მაია-მე-8 კლასში, ეკა-მე-7 კლასში, თეკლე-მე-6-ში, ქეთევანი-მე-5 კლასში, გრიგოლი-მე-4 კლასში, ქრისტინე პირველკლასელია, ოჯახის უმცროსი წევრი, ანასტასია, ოთხი წლისაა. მაია 14 წლიანებში საქართველოს ჩემპიონია. ბავშვები წმინდა გიორგის სასულიერო გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეები არიან. არაერთი სერთიფიკატი და დიპლომი აქვთ მიღებული.

გაბრიელი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აპირებს,  ჭადრაკს უფრო სერიოზულად მოკიდოს ხელი. მისი თქმით, მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის უფალს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gz19gBROW1s[/embedyt]

გრიგოლი მეოთხე კლასშია, რამდენიმე მედლისა და თასის მფლობელია და გამარჯვებებს მის უმცროს დას, ანასტასიას, უძღვნის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QmxeS5qA9n8[/embedyt]

ოჯახის დიასახლისი 47 წლისაა, ბატონი ნუგზარი 58-ის. ქალბატონი ნანა პროფესიით ბუღალტერია, ბატონი ნუგზარი ინჟინერ-ტექნოლოგი. ის წლების განმავლობაში ქუთაისში მუშაობდა  ავტოქარხანაში. ქალბატონმა ნანამ მომავალი მეუღლე მაცხოვრის კარის ტაძარში გაიცნო და მალევე, ორ თვეში, გადაწყვიტეს ოჯახი შეექმნათ. მათ ურთიერთობას ხელი შეუწყო მამა ზაქარიამ. ამჟამად, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს, შესაბამისად, ოჯახს მატერიალურად  ძალიან უჭირს. ისინი, ძირითადად, ეკლესიის შემოწირულობებით ცხოვრობენ. ოჯახის მოძღვარი, მამა გიორგი ჯგუშია ხშირად ეხმრებათ. მეუფე გერსამიმემ ოჯახს 500 ლარი აჩუქა და ამ თანხით გაზი შემოიყვანეს. ოჯახს გვერდში უდგაან მეზობლები და სკოლის პედაგოგები,- ეხმარებიან საკვებით, ტანსაცმლებით. სახლს არ აწვიმს, მაგრამ სველი წერტილებისა და სარეცხი მანქანის უქონლობა დიდ პრობლემას წარმოადგენს ოჯახის დიასახლისისათვის. მათ არ ჰყავთ არც შინაური ცხოველები და ფრინველები. მხოლოდ პატარა ბოსტანი აქვთ, რომლის მოვლით არიან დაკავებულნი.

„ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული მქონდა პატარების მიმართ. დღევანდელ პირობებში რთულია დედა, მეუღლე და მეგობარი იყო. 11 შვილი აღზარდო, ყველას სათანადო ყურადღება დაუთმო. მე ჩემი შვილები მაბედნიერებენ. ისინი მამხნევებენ. მომწონს, რომ ყოველთვის გვერდში უდგანან ერთმანეთს. ჩვენთვის, ფასეულ ღირებულებებზე მეტად მნიშვნელოვანია პატივისცემა, სიყვარული და ურთიერთგაგება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პურიც არ გვქონია,  ჩვენც გვიკვირს როგორ ვახერხებთ თავის გატანას, მაგრამ  არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან. მე მადლობას ვუხდი უფალს ასეთი დიდი ძღვენისთვის შვილების სახით და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ გვივიწყებენ.’”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4aqaMNl4Knw[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!