მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, აწგარდაცვლილი ია კერზაიას ვაჟიშვილმა, ბაჩანა შენგელიამ, საკუთარ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა:
“ვაღიარებ, არ არის მარტივი ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მხოლოდ ფაქტებია და აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო. სამწუხაროდ, ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ფარცვანია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც საკამაოდ დიდი მორალური წვლილი მიუძღვის იას საქმეში და შესაბამისად, მის გარდაცვალებაში. ადამიანი, რომელმაც 22 ნომბერს მიიღო დასკვნა და მინისტრის ბრძანება სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე და ყველაფერი გააკეთა, რომ 26 ნოემბრამდე არ ყოფილიყო იასთვის ამის შესახებ ცნობილი. ამ მოქმედებით თითქმის ოთხი დღით გახანგრძლივდა მისი ნერვიულობის და სტრესის პერიოდი და შეამცირა დრო სამართლებრივი მოქმედებებისთვის.
გარდა ამისა, ის არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი იას მიმართ (და არამარტო იას მიმართ) განხორციელებული პოლიტიკური დევნაში. ეს ყველაფერი არის დადასტურებული დოკუმენტალურად და ამ ყველაფერს უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ. მას ამ ეტაპზე ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, თუმცა მომავალში არც სამართლებრივს გამოვრიცხავთ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა მე-6 სკოლიდან მისთვის მიწერილი წერილები სკოლაში არსებულ პრობლემებზე, რაც ინსპექტირების სამსახურმა პირიქით შემოუტრიალა იას და მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ისე რა მორალზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, რომელიც თითქმის სამი კვირაა პასუხს არ მცემს წერილზე მარტივი შეკითხვით: რამდენად წარმატებული იყო მე-6 საჯარო სკოლა და მისი დირექტორი, დაფიქსირებულა თუ არა რაიმე სახის საჩივარი ამ სკოლაზე ბოლო წლების განმავლობაში.
შესაბამისად, ის არის ამ საქმის ფიგურანტი ჯერჯერობით ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც საჯაროდ მოვუწოდებ, რომ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება იყოს ამ პოსტზე! პ.ს. პირადადაც მინდოდა გადამეცა, მაგრამ ორი დღეა ტელეფონს არ პასუხობს, მგონი გასაგებია ყველაფერი”.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმების გამო. ბაჩანა შენგელია საკუთარი ფეისგვერდიდან მიმართავს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსაც: ,,განათლების ამ მინისტრის და სისტემის სხვა მოხელეების სავარაუდო დანაშაულებრივმა ქმედებებმა, ზუგდიდში შეიწირა ადამიანის სიცოცხლე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბატონ ლავრენტის ზუგდიდში არათუ რამე სასწავლებლის გახსნის, უბრალოდ ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს!”