დღეს, ჩხორიის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ოთარ მელდიანი ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ორგანიზაცია “ოდაბადესა” და ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელი’’ ერთობლივი პროექტის „ახალი სახეების’’ სტუმარი იყო.
ახალგაზრდა პოეტმა მასპინძლებს მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა, მათ შორის მეგრულ და სვანურ ენებზე. ოთარი ოთხი წელია ლექსების წერს, ამჟამად მისი შემოქმედება 38 ლექსს მოიცავს. ოთარი ჩხორიის სამოყვარულო თეატრის მსახიობიც გახლავთ.
„პირველი ლექსი მეგობარზე დავწერე, ნებისმიერ დროს ვწერ, მქონია შემთხვევა, როცა გვიან ღამით ავმდგარვარ და დამიწერია. სამომავლოდ, ვაპირებ კრებულის გამოცემას. დღევანდელი შეხვედრით მომეცა შესაძლებლობა, ჩემი შემოქმედება გამეცნო თანატოლებისთვის, საინტერესო კითხვებზე მომიწია პასუხის გაცემა. მათი სახით მე ახალი მეგობრები შევიძინე. სამომავლოდ თუ ისევ მომიწვევენ, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მათთან.’’- გვითხრა ახალგაზრდა შემოქმედმა.