ერევანში, პოეზიისა და თეატრალური ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე, ზუგდიდელმა გიორგი ქადარიამ გრაფიკულ ნამუშევრებში პირველი ადგილი აიღო. სამხატვრო სკოლის დირექტორის ჯანსუღ ჭურღულიას თქმით, გიორგი სამხატვრო სკოლაში 2015 წლიდან სწავლობს და გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებობის გრძნობით.
„გიორგი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდაა, არის ენერგიული და შრომისმოყვარე. დავალებებს ასრულებს დროულად, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. პედაგოგებში და მოსწავლეებში სარგებლობს კარგი ავტორიტეტით“. ჯანსუღ ჭურღულიას განმარტებით, გიორგის გრაფიკა გამოირჩევა ძლიერი ექსპრესიულობით. „აქვს კონტრასტული ჟღერადი ფორმა, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევს პლასტიკას, მისი სახით საინტერესო ხელოვანი გვეყოლება.“
ასაკის მიუხედავად, პატარა ხელოვანმა, უკვე ოცამდე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.მათგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: “შემოდგომის ფერები” (რესპუბლიკური, თბილისი 2015), “საშობაო გამოფენა” (რაიონული, ზუგდიდი 2015), საერთაშორისო ,,ეგვიპტე მსოფლიოს ბავშვების თვალით“ 2016, საანგარიშო გამოფენა (ზუგდიდის სამხატვრო გალერეა 2016), “ზუგდიდობა-2016”, “ვხატავთ ვეფხისტყაოსანს” (რაიონული, 2016), პლენერი ღია ცის ქვეშ, საშობაო გამოფენა ( 2016), თბილისობა 2017 (რესპუბლიკური, თბილისი 2017).
გიორგი ქადარია მე-10 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა და იმავდროულად არის, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბ “სარკმელის” წევრი.