აქცია ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში, საზოგადოება “ზუგდიდელმა” და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს თბილისში ლგბტ აქტივისტების მიერ, ჩატარებული “ღირსების მარში” და ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგი, სადაც მან რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეაგინა.

აქციის დაწყებამდე, შეკრებილების ნაწილის პროტესტი გამოიწვია “რუსთავი 2”-ის ლოგოს და მიკროფონის გამოჩენამ, რომელსაც ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტი ნანა ქობალია ატარებდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ მათ არ სურდათ, აქციის გაშუქებაში “რუსთავი 2”-ს მიეღო მონაწილეობა, რაზეც ნანა ქობალიამ უპასუხა, რომ ის არ იყო “რუსთავი 2”-ის წარმომადგენელი, მაგრამ მას აქციის მონაწილეებმა მიანიშნეს, რომ ტელეკომპანია “ოდიშიც” “რუსთავი 2”-ის წარმონაქმნი იყო. მიუხედავად აქციის მონაწილეთა პროტესტისა, ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტმა გააგრძელა პროფესიული მოვალეობის შესრულება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამინ საჯაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: “ჩვენ გვინდა ნაციონალურმა მოძრაობამ თავი შეიკავოს აგრესიული მოქმედებისგან. ეყოფათ, დაგვცინიან. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ლგბტ მხარდამჭერების. გუშინ, საქართველოში სასწაული ვნახეთ, პარლამენტის შენობის წინ ფრიალებდა ლგბტ თემის დროშა. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ერის, ჩვენი ოჯახების. ჩვენ შვილები გვყავს. სად მივდივართ ხალხო, რას შვება ეს ხალხი, ეს ხალხი არის ქართველი ერის მტერი. ჩვენი განადგურება უნდათ სულიერად, მაგრამ არ გამოუვათ”.

აქციაზე იმყოფებოდა საზოგადოება “ზუგდიდელის”  წევრი მურმან ნაჭყებია. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში მუშტი-კრივის დრო არ არის. “დღეს, ჭკუას ჭკუა უნდა დაუპირისპირო. ეს არის ღრმა ცოდნაზე, ეთიკაზე, კულტურაზე, ზნეობაზე აგებული დიდი დიპლომატია. სხვანაირი ხსნა ჩვენ არ გვაქვს”.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, მურმან მალაზონიამ განმარტა, რომ დღევანდელი აქციით უნდოდათ ხმა მიეწვდინათ საზოგადოებისთვის და საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. “საქართველო და მათ შორის ზუგდიდი განცვიფრებულია იმით, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა. ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა უფრო სხვა ხასიათს მიიღებდა. “რუსთავი 2” რასაც აკეთებდა დღემდე და შეიძლება ხვალაც გააგრძელოს, ეს უნდა დამთავრდეს. აქ ტელევიზიის დახურვაზე არ არის საუბარი, “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ყველამ უნდა დატოვოს თანამდებობა. კეთილი ინებონ “რუსთავი 2″-მა და მის უკან მდგარმა ნაციონალურმა მოძრაობამ, პრობლემები, რომელიც მილიონობით ხალხს შეუქმნის, თავიანთ თავზე აიღონ და იმ ხალხს უპასუხონ, მათი გამოწვევით მოხდა ეს ყველაფერი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!