არჩილ კუხიანიძე: ბავშვებს უყვართ ანიმაციის შექმნის პროცესი


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ანიმაციის გაკვეთილები ტარდება. მას თბილისიდან მოწვეული პედაგოგი არჩილ კუხიანიძე უძღვება, რომელიც თავად გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული. არჩილი “ზუგდიდელების” სტუმარია.

– პროფესიით გახლავართ ანიმაციური ფილმების რეჟისორი, ანიმატორი, მხატვარი. განათლებით ვარ ფერმწერი და საშუალო სკოლის ხატვის პედაგოგი. მაქვს რამდენიმე ფილმი გადაღებული. ამჟამად, ვმოღვაწეობ ანიმაციის განვითარების ფონდში, რომელიც 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ ზრუნავს საქართველოში ანიმაციის განვითარებაზე. ამ ფონდის ინციატივით, დაარსდა საერთაშორისიო ფესტივალი „თოფუზი“, რომელიც ყოველ წელს, ბათუმში ტარდება. ასევე, დაარსდა „ექო-თოფუზი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, ატარებს ფესტივალს, მათ შორის ჩავატარეთ ზუგდიდშიც. აქედან გამომდინარე, გავხსენით ანიმაციის პატარა სტუდიები სამხატვრო სკოლებთან, როგორც ზუგდიდში გვაქვს სამხატვრო სკოლა, ასევე გვაქვს: თბილისში, ნაფარეულში, გურჯაანში, თელავში, ხულოში, გორში, ბათუმში და ფოთში.

-არჩილ, რატომ ანიმაცია…

-ბავშვობიდან ვხატავდი. ძალიან მიყვარდა ანიმაციური ფილმების ყურება, განსაკუთრებით, “დისნეის”. სულ მინდოდა და ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ კეთდებოდა ანიმაცია, მაგრამ არავინ იყო, რომ ესწავლებინა ჩემთვის. მაშინ არ იყო ამის შესაძლებლობა, საერთოდ, არაფერი კეთდებოდა ქვეყანაში ამ კუთხით. ერთხელაც, მამაჩემმა მაჩუქა კომპიუტერი, ჩავწერე ანიმაციის პროგრამა და დავიწყე მუშაობა ჩემი ფანტაზიით. მაშინ 13 წლის ვიყავი. ჩემი ოცნება იყო პატარა ფილმი გამეკეთებინა. მოგვიანებით, მეგობრების და ჩემი ძმის დახმარებით გავაკეთე პირველი ფილმი „ნატვრის ხე“.

-თავიდან, ფესტივალზე რომელი ფილმით წარსდექი?

-“ნატვრის ხე” იყო პირველი ფილმი, რომელიც “თოფუზის” ფესტივალზე გავიდა. მას შემდეგ, ამ ფესტივალთან ვთანამშრომლობ. თითქმის ყველა, საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდას, ვინც ანიმაციაზე მუშაობს და “ფეხი აიდგა”, სტიმული მიეცა “თოფუზის” ფესტივალით. მანამდე არაფერი ხდებოდა ანიმაციაში. ფესტივალი, რომ გავაკეთეთ, ეს იყო პირველი, სერიოზული ნაბიჯი საქართველოში ანიმაციის განვითარებისთვის.

– არჩილ, რამდენი ხანია ზუგდიდში ხარ?

-მეხუთე წელია, რაც ანიმაციის სკოლა გვაქვს. მე მესამე წელია პედაგოგად ვმუშაობ. წელს გადმოვედით სასახლეში, სადაც მუშაობისთვის კარგი პირობები დაგვხვდა. ადრე, ზუგდიდის სამხატვრო სკოლაში ვიყავით, სადაც ყოფილ მოსწავლეებთან ერთად, გავაკეთეთ რამდენიმე ფილმი, რომლებმაც საკმაო წარმატება მოიპოვეს “თოფუსზე” და არა მარტო. ესაა პრიზი: “საუკეთესო საბავშვო ანიმაციური ფილმი” და “ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი”. დაახლოებით ნახევარი წელია, რაც  ახალი ჯგუფი გვყავს. ჯგუფში ათამდე ბავშვია. თვეში ერთხელ ჩამოვდივარ ზუგდიდში ორი დღით. მოსწავლეებს ვაძლევ დავალებებს და ვმუშაობთ ონლაინრეჟიმში. კვირაში ორჯერ გვაქვს “სკაიპგაკვეთილები”. ჩვენი სტრატეგიაა, საქართველში ანიმაცია განვითარდეს. პატარა ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო ურთიერთობები. საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ინტერნეტი, ამიტომ ჩვენ, დასაწყისიდანვე, ვაჩვევეთ ბავშვებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს და კომუნიკაციებს დაეუფლონ. როგორც თბილისიდან ზუგდიდში ვსაუბრობთ სკაიპით, ასევე, ჩვენ, თბილისის მთავარი სტუდიიდან ვმუშაობთ პროექტებზე ისრაელში, უკრაინაში, გერმანიაში და სხვადასხვა ქვეყანაში.

-მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება ანიმაციის შექმნის პროცესი…

-ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ყველას უყვარს კომპიუტერი. გეთანხმებით, ანიმაციის შექმნის პროცესი არის ძალიან საინტერესო, სახალისო და შრომატევადი. თავიდან, როცა ვიწყებდით ამ საქმეს, სკეპტიკურად უდგებოდნენ “ვიღაცეები” და ამბობდნენ, რომ ბავშვი როგორ გააკეთებს ანიმაციას, რადგან ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ მინდა გითხრათ,რომ ბავშვები უფრო კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს, ვიდრე ბევრი პროფესიონალი. ბავშვებს თავისი ხედვა აქვთ. ისინი თავისებურად აღიქვამენ ყველაფერს. მათ უყვართ ანიმაცია. ძალიან სახალისო პროცესია, როცა დიდი შრომის შემდეგ, ადამიანს, ან კონკრეტულ პერსონაჟს აცოცხლებ. მთელი დღე შეიძლება იმუშავო და დღის ბოლოს, შენი შექმნილი პერსონაჟი ნახო, თუ როგორ ცოცხლდება. ამ დროს, პატარა შემოქმედი ხარ. გარდა ამისა, ბავშვებს ვასწავლით სცენარის წერას, რეჟისურას, მუსიკის არჩევას და გუნდურ მუშაობას. ჩვენი მიზანია, ისინი რომ გაივლიან ორ-სამწლიანი ანიმაციური ფილმის წარმოების კურსს, დავაინტეროსოთ, გააგრძელონ ეს საქმე. შემდეგ, როცა თბილისში, სასწავლებლებში ჩამოდიან, ჩვენს სტუდიაში მუშაობენ. პატარა პროექტი გვექნება გასაკეთებელი, თუ ფილმზე იქნება სამუშაო, ან შეკვეთა იქნება, ჩვენთან ერთად მუშაობენ. პატარა-პატარა ჰონორარები აქვთ, თან სტუდენტები არიან და “ჯიბის ფულიც” აქვთ დასაწყისისთვის. შემდგომში, თუ დარჩებიან ჩვენთან, პროფესიონალები ხდებიან და მასწავლებლებად ვუშვებთ სხვადასხვა რეგიონში ანიმაციის პედაგოგებად, სადაც სტაბილური შემოსავალი აქვთ. უმრავლესობა, ვისაც ვასწავლიდით, ჩამოვიდა, ჩვენთან ერთად არის და ერთ საქმეს ვაკეთებთ, – ვანვითარებთ ანიმაციას ჩვენს ქვეყანაში.

-როგორც ვიცი, “ფესტივალებში” ღებულობთ მონაწილეობას…

-დიახ, სხვადასხვა ფესტივალში ვღებულობთ მონაწილეობას. თბილისის ჯგუფის წევრები, ვიმყოფებოდით ეკატერინბურგში ფესტივალზე. ჩვენი ხელმძღვანელი, ზურაბ დიასამიძე, მიწვეული იყო ჟიურის წევრად. მე და ჩემმა კოლეგამ ვორქშოფი ჩავატარეთ ადგილობრივი სტუდიის ახალგაზრდა პროეფესიონალებთან ერთად. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით ანიმაციის სფეროდან. ასევე,მათაც გაგვიცნეს და ვგეგმავთ მომავალ თანამშრომლობას. დიდი სურვილი გვაქვს, მოსწავლეები წავიყვანოთ საზღვარგარეთ, თუ ამის ფინანსებს მოვიპოვებთ. წელს, ხულოს მოსწავლეები იყვნენ სერბეთში და ბულგარეთში. წელიწადში რამდენიმე ფესტივალზე გაგვყავს ბავშვები და წარმატებები აქვთ.

-რაც შეეხება ზუგდიდელ მოსწავლეებს…

-ზუგდიდელი მოსწავლეები ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებულები არიან. ერთ კლიპზე უკვე მოვრჩით მუშაობას. საახალწლოდ ახალ, ანიმაციურ კლიპს ვამზადებთ. შემდეგ უნდა დავიწყოთ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოება, სადაც მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ და მას გავიტანთ სხვადასხვა ფესტივალზე. “თოფუზის” ფესტივალზე აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კარგ ფილმს გავაკეთებთ იმიტომ, რომ იდეები აქვთ ძალიან მაგარი. ხატვითაც კარგად ხატავენ. ერთი სიტყვით, ყოჩაღები არიან.

-სასახლის 80 წლის იუბილეს მიუძღვენით კლიპი “ჯადოსნური ნოტები”…

– კლიპი ცოტა ნაჩქარევად გავაკეთეთ, ახალი გადმოსული ვიყავით. ახალი შეკრებილი გუნდი გვყავდა და ჯერ არ ვიყავით ბოლომდე დალაგებულები, მაგრამ გვინდოდა მოგვესწრო. კლიპზე დაახლოებით სამი კვირა ვმუშაობდით. ავარჩიეთ სტუდია “რიბი-რაბოს” ერთ-ერთი სიმღერა და ბავშვებთან ერთად მოვიფიქრეთ რა გაგვეკეთებინა და რა სიუჟეტი შეიძლება ყოფილიყო. ბავშვებმა დახატეს. მე დავეხმარე მონტაჟში. დავადეთ მუსიკა. მგონი, ყველას მოეწონა და კარგი გამოვიდა.

-როგორ შეეჩვიე ზუგდიდს?

-ზუგდიდი ძალიან მომწონს, როცა აქ ჩამოვდივარ, ვისვენებ. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ზოგადად, მეგრელი ხალხი ნიჭიერია, მეც მეგრული ფესვები მაქვს და ვიცი, რომ ეს ასეა. პირველ რიგში, სადაც ჩავდივარ ხოლმე, ყველგან ვაფასებ ბავშვებს, როგორი თავისუფლები არიან. აქ ბავშვები ძალიან თავისუფლები არიან და ეს აღსანიშნავი ფაქტია. შემოქმედებითაც გახსნილები და ნიჭიერები არიან.

-არჩილ, შენი ოჯახი გაგვაცანი…

-დედაჩემი მზია მჭედლიშვილი თეატრის რეჟისორი იყო. მოგვიანებით, ხატწერას მიჰყო ხელი და სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მე და დედას ერთად გვიმუშავია მინანქარზე. მამა, მალხაზ კუხიანიძე კინოსა და თეატრის მსახიობი იყო. წლების განმავლობაში, თუმანიშვილის თეატრში მუშაობდა. რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მყავს ძმა ლაშა. ადრე, ძმასთან ერთად ვაკეთებდი პატარ-პატარა სკეტჩებს, დღემდე ერთად ვმუშაობთ. ანიმაციური სერიალიც ერთად გავაკეთეთ. ჩვენთან ერთად, ბებიაც ჩართულია, იდეებს გვაწვდის.

-რა არის შენი ოცნება?

-ბავშვობაში ვოცნებობდი დიდ სახელოსნოზე, სადაც ყველაფერს გავაკეთებდი. მინდა არსებობდეს დაწესებულება, ან სასწავლებელი, სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს, ახალგაზრდას, ექნება საშუალება თავისი უნარები გამოავლინოს და აკეთოს ის, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, რადგან ახალგაზრდებშია მომავალი.

-გეგმები?

-მალე დავამთავრებთ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე მუშაობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სერიზული ნამუშევარი იქნება ჩვენი სტუდიის და ზოგადად, ქართულ ანიმაციურ სივრცეში. ფილმს “მამა” ჰქვია. ამის გარდა, კიდევ გვაქვს გეგმები, ვიმეგობროთ და პროექტები გავაკეთოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ახლა ვმუშაობთ ისრაელ კოლეგებთან, ანიმაციურ სერიალთან დაკავშირებით. ასევე, ვიწყებთ მუშაობას უკრაინელ პარტნიორებთან. ანიმაციური სერიალები ძალიან კარგი საშუალებაა ფინანსების მოსაზიდად, ხალხის დასაქმებისთვის, იმ სტუდენტებისთვის, ვინც ჩვენ აღვზარდეთ, რომ მათ სამუშაო ჰქონდეთ და სხვაგან არ წავიდნენ. ასევე, ვფიქრობთ, ჩვენი ფესტივალის არეალი გავაფართოვოთ..

-და ბოლოს…

-და ბოლოს… თუ ქვეყნის მომავლისთვის გვინდა ზრუნვა, პირველ რიგში, ახალაგზრდებს უნდა მივხედოთ და მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი თავი. ვისაც ეძლევა ეს შესაძლებლობა, ის ავლენს თავს. უნიჭო ადამიანი არ არსებობს, -განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები..

ეკა ფარულავა

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!