ისტორიული ექსკურსი ინტერნეტგამოცემებიდან:
1 ოქტომბრიდან, საქართველოში, პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა თხელ, 15 მიკრონზე (0.15 მმ) ნაკლები სისქის, ე.წ. ერთჯერად პარკებს შეეხო. ხოლო, 2019 წლის 1 აპრილიდან კი, აიკრძალა ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება შეეხო. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, სადაც პოლიეთილენის პარკების გამოყენება აკრძალეს.
2018 წლის 14 სექტემბერს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №472 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.
დადგენილებაში წერია, რომ ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ეს იმას ნიშნავს, რომ იკრძალება მხოლოდ პოლიეთილენის პარკები. ისინი ჩანაცვლდება ბიოდეგრადირებადი პარკებით. ანუ, მაღაზიაში თქვენ ცელოფანს ისევ მოგცემენ, თუმცა ის არა პოლიეთილენის, არამედ ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული იქნება.
დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, წერია რომ რეგულირების მიზანია “პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება”.
ეს რეგულაციაა, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.
ვიზუალურად ბიოდეგრადირებადი პარკი ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკისგან თითქმის არ განსხვავდება. ბიოდგრადირებადი პარკი ვიზუალურად ჩვეულებრივ “ცელოფანს” გავს.
მაგრამ პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს გარემოში დაშლას და 12-24 თვეში სრულად იშლება.
ახალი წესის თანახმად, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის მწარმოებელი; პლასტიკის პარკის სისქე; პლასტიკის პარკის შემადგენლობა.
ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს კი აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა – “ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი”.
ეს წარწერა გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი ორგანოები შეამოწმებენ პარკს და დაადგენენ, რომ ის ბიოდეგრადირებადია.
ბიოდეგრადირებული პარკები პოლიეთილენის პარკებზე სწრაფად იხრწნება, მაგრამ არც თუ უნარჩენოდ.
თუმცა, არც ქაღალდის პარკებშია ბოლომდე შველა. მათი წარმოება ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტ დროს, ენერგია და შესაბამისად, ბუნებრივ რესურსს ითხოვს, ვიდრე პოლიეთილენის პარკების. უბრალოდ, ქაღალდის პარკი სწრაფად იხრწნება.
არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკის წარმოებისთვის, გამოყენებისთვის, ან ქვეყანაში შემოტანისთვის, 1 ოქტომბრიდან პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებით. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა.
მაკონტროლებლის ფუნქციები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული:
პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს;
პარკების იმპორტიორებს ფინანსთა სამინისტრო მიხედავს;
ხოლო პარკების რეალიზატორებთან (მაღაზიები, აფთიაქები და ა.შ.) ბრძოლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივა იქნება.
საქართველოს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მონაცემებით, საქართველოში, ერთი წლის განმავლობაში, ერთი ადამიანი 525 პლასტიკის პარკს მოიხმარს. ეს რიცხვი, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება, მკვეთრად აღემატება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. მაგალითად, ირლანდიასა და დანიაში ერთი ადამიანი წელიწადში 14 პლასტიკის პარკს მოიხმარს.
სამწუხაროდ!
ზუგდიდის რეალობა ასეთია: დღემდე მოიხმარენ არაბიოდეგრადირებად პარკებს როგორც გამყიდველები სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, ასევე, თავად მომხმარებლები–მყიდველები.
“ზუგდიდელები. გე” მთელი დღე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრებს სტუმრობდნენ–სამწუხაროდ, კანონი აშკარად არ ამოქმედებულა.