ანა წითლიძემ საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა


„მახსოვს ზუგდიდის მერიის და საკრებულოს მიერ, მიღებული არაერთი დანაშაულებრივი და ხშირ შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილებები ზუგდიდის ბაზართან დაკავშირებით. როგორ ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ პირობებში, ბაზარში შეღწევას საკუთარი ბიზნესის მოსაწყობად.იგივე ხდება ეხლაც“-განუცხადა ჟურნალისტებს, ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს, ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

„საქმე ეხება ბაზრის შიდა ტერიტორიას, სადაც ზუგდიდის ვიცე მერის გია გულორდავას პატრონაჟით და ლობირებით, საკრებულოს წევრის იურიდიული, კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას მამა ცდილობს საკუთარი ბიზნესის უკეთ მოწყობას. დემნა სორდიამ, რომელიც არის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას მამა, 2016 წლის აპრილში შესძლო ჯერ ფართის დაკანონება ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ის ვერ იკანონებდა და შემდეგ 2018 წელს შესძლო „ექსკლუზიურად“ მიეღო უფლება მანდ მშენებლობაზე. ფართის დაკანონება მან შესძლო, როცა მისი შვილი იყო იურისტი ზუგდიდის მერიაში, ხოლო „ექსკლუზიური“ უფლება მშენებლობაზე მან მიიღო, როდესაც მისი შვილი გახდა იურიუდიული კომისიის თავმჯდომარე“.

დეპუტატი ითხოვს, საოლქო პროკურატურამ მათი განცახდების საფუძველზე დაიწყოს მოკვლევა. ანა წითლიძის განმრტებით, მათი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, სავარაუდოდ, კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქმეში მონაწილეობენ ქალაქის ვიცე- მერი გია გულორდავა და მისი „პროტეჟე“ საკრებულოს წევრი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია.

ანა წითლიძის ბრალდებებს უპასუხეს ზუგდიდის მერიაში. ეკონომიკური პოლიტიკის და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას განმრტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2016 წელს მოხდა საკუთრების უფლების აღიარება. “საკუთრების უფლების აღიარება მოხდა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელსაც მართლზომიერი დოკუმენტები წარვუდგინეთ. დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ახდენს საკუთრების რეგისტრაციას, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის პოზიცია გამორიცხულია. მუნიციპალიტეტს არანაირი ნებართვა არ გაუცია კონკრეტულად საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ამ შემთხვევაში, “ექსკლუზიურად”კონკრეტულ პიროვნებაზე საკუთრების უფლება არ გაცემულა. მუნიციპალტეტის მერიას მომართა დაახლოებით, 25-მა მესაკუთრემ, რომლებმაც მოითხოვეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშენების მოპოვების უფლება. მუნიციპალიტეტმა უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა აღნიშნული განცხადება და 25-ივე მესკუთრეს მისცა მშენებლობის ნებართვა. მათ შორის არის მოქალაქე დემნა სორდია. მე როგორც ვიცი, მოხდა “სამკვიდრო” მოწმობის გახსნა და მემკვიდრეობით მიღებული ქონება დაარეგისტრირა”.IMG_6668

თენგიზ ქობალიას ინფორმაციით, ცალკე, დღეს, მუნიციპალიტეტი ვერანაირ ქონებას ვერ არეგისტრირებს და ვერ ანიჭებს პიროვნებას საკუთრების უფლებას აუქციონის გარეშე.” ამ შემთხვევაში, დავით სორდიას ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც აკმაყოფილებდა მასზე საკუთრების უფლების მინიჭებას. საკუთრების უფლების მინიჭება მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.”

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომენტარს არ აკეთებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!