ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება განცხადებებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ენმ“–მ  შეიტანა პროკურატურაში, რომელიც ეხება ადგილობირივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებს და ბიუჯეტიდან არამიზნობრივად თანხების დახარჯვას. „პირადად დაგვიკავშირდა გამომძიებელი დავით სიმონია, რომელმაც დაადასტურა. ამ საკითხებთან დაკავშირებით დაბარებული ვარ მე, ასევე, სავარაუდოდ, დაიკითხებიან ის ადგილობრივი მაღალჩინოსნები, რომელიც შეიძლება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ“. ანა წითლიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დაიწყო შემდეგ საკითხებზე გამოძიება: „ეს არის გულუას პარკის და “თაუნ პარკის” პრობლემა, კორცხელსა და ალერტკარში ჭაბურღილების პრობლემა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და დღემდე არ ფუნქციონირებს. თანხები დაიხარჯა #4 საბავშო ბაღში, სადაც კორუფციული გარიგებები იკვეთება. ასევე “ყინულის სახლის” მშენებლობა, ბიუჯეტიდან რამდენჯერმე გამოიყო თანხები, მაგრამ ამ დრომდე არ მოქმედებს. გამოძიება ასევე დაიწყო რუხში გლეხებისთვის მიწის წართმევის საკითხზე, რომელშიც უშუალოდ ფიგურირებენ ადგილობრივი მაღალიჩინოსნები, კონკრეტულად, გუბერნატორი ლევან შონია“ . ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ერთის მხრივ კარგია, რომ ეს გამოძიება დაიწყო. რამდენიმე თვის წინ მივმართეთ და არ გვქონდა იმედი. იმედი გვაქვს, ეს იქნება ტენდენცია, არა მხოლოდ აქ, არამედ ყველგან, რეგიონებსა და თბილისში და ყველა იმ გახმაურებულ საქმეებსა და კორუფციულ სქემებზე, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გამოძიება დაიწყება და მონაწილე მაღალჩინოსნები დაისჯებიან“. ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ის მზადაა მომავალ კვირას მივიდეს საგამოძიებო უწყებაში და მიაწოდოს ყველა ინფორმაცია.

“ენმ” ბრალდებებს უპასუხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიაში. გუბერნატორის პრესამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და მთლიანად ნაციონალური მოძრაობა’ დაკავებული არიან რეგიონის თანამდებობის პირების დისკრედიტაციით, ისინი სისტემატიურად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. ეს პარტია ვერ ეგუება რეგიონის წარმატებას და იმ ადამიანებს ვინც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორცილებენ, რისი დასტურიცაა ყოველგვარ რეალობას მოკლებული სიცრუის ტირაჟირება. ანა წითლიძის მიერ დასახელებული არცერთი პირი, არცერთ უწყებას დასაკითხად არ დაუბარებია. მიუხედავად ამისა, კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე პასუხისთვის.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!