- ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ანა დადიანი, გახდა Flex პროგრამის ფინალისტი. ის სასწავლებლად, ერთი წლით, სრული დაფინანსებით, გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ანა დადიანი: -“FLEX პროგრამაში გამარჯვება ჩემთვის, განსაკუთრებული და ემოციური მომენტი იყო. როცა შევიტყვე, თავიდან, ვერც კი ვიჯერებდი. ბევრი დაბრკოლებისა და მარცხის მიუხედავად, მთელი ძალისხმევისა და შრომის შედეგად, საბოლოოდ მივაღწიე ჩემს მიზანს. ბავშვობიდან ოცნებად მექცა ამ გაცვლით პროგრამაში გამარჯვება და ახლა, ამის მიღწევა, კიდევ უფრო დიდ აღფრთოვანებას და ბედნიერებას მგვრის. ეს გამარჯვება ჩემი გულშემატკივრების შრომისა და მხარდაჭერის შედეგია, მათი მადლიერი ვარ. ვერაფრით ვიქნებოდი იქ, სადაც დღეს ვარ მათი დახმარების გარეშე. მინდა აღვნიშნო, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და თუ დაისახავ მიზანს, აუცილებლად მიაღწევ, მთავარია, არასოდეს დანებდე და გააგრძელო ბრძოლა”.
ინფორმაციისთვის: FLEX პროგრამა არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, სადაც ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის ამერიკულ ოჯახში განსახლებას და ამერიკულ სკოლაში ჩარიცხვას სრული დაფინანსებით. გაცვლით მოსწავლეებს აქვთ სტიპენდიაც.