- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითიც ის „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის თამარ ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ“.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ვირუსი ამ ეტაპზე ითვლება ლოკალურ საფრთხედ და საქართველო არის დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა.
„მე თამარ ოგბაიძეს არ ვიცნობ და არ ვიცი მას საიდან აქვს ეს ინფორმაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს გვაქვს ყოველდღიური ინფორმაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან – ეს არის ოთხი მთავარი წყარო ჩვენთვის, საიდანაც ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას და ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე. ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირაში შეიკრიბება ისევ საგანგებო კომიტეტი, რომელიც სიტუაციას აფასებს და ამბობს რამდენად არის ეს საფრთხე გლობალური. წინა სხდომაზე ჩათვალეს, რომ ეს საფრთხე ჯერჯერობით არის ლოკალური ჩინეთისთვის, რადგან ქვეყნიდან გატანილი შემთხვევები არ სცილდება 30-ს. ეს ითვლება ლოკალურ საფრთხედ და არ შეიძლება საქართველო ვიღაცამ შეაფასოს როგორც მომატებული რისკის ქვეშ მყოფი. ჩვენ ევროპის დაავადებათა კონტროლის კლასიფიკაციაში დაბალი რისკის ქვეყანად ვართ აღიარებული, თუმცა მზადება რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, აუცილებელია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ჯერ პროგნოზს ვერავინ აკეთებს ეს ეპიდაფეთქება გადაიქცევა თუ არა პანდემიად. მზადება უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება პანიკის დათესვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.