ამბავი ბეტონში ჩადუღაბებული სიყვარულისა-მიხეილ ფიფია


  • მეზობლები მასზე ამბობენ, რომ სწორედ მისნაირ ადამიანებს უნდა ანიჭებდნენ ქალაქის “საპატიო მოქალაქის” ტიტულს. ზუგდიდელი მიკრო მეწარმე მიხეილ ფიფია, პროფესიით, ხე-ტყის ექსპერტია, მაგრამ ჩვენ, მას, დღეს, სხვა რაკურსით გაგაცნობთ, როგორც ბეტონის ქანდაკებების შემქმნელს, რომელიც თავის ნახელავს, ქუჯის ქუჩის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე სკვერზე ალაგებს, იქაურობას ალამაზებს, რითაც მოქალაქეებს სასიამოვნო გარემოს და განწყობას უქმნის. განსაკუთრებით პატარების მადლიერებასაც იწვევს. ტურისტებიც არ რჩებიან გულგრილი,–ზუგდიდში, მატარებლით რომ შემოდიხარ და ფანჯრიდან გარემოს ათვალიერებ, მიხეილ ფიფიას ბეტონით ნაძერწი ცხოველების, ფრინველების, და არა მარტო, ღია მუზეუმი, მის უნახავად, ქალაქში შესვლის უფლებას არ გაძლევს. ბატონმა მიშამ, რომელიც იქვე ცხოვრობს და სახელოსნოც იქვე აქვს, თავის მუზეუმ–სკვერს “არწივი” შეარქვა. 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მიხეილ ფიფიას მიერ გალამაზებულმა ეზომ და სკვერმა ყველაზე “ლამაზი ეზოს” ტიტული მოიპოვა.

როგორც ბატონი მიშა მიყვება, თავიდან, სკვერში, პალმა დარგო, შემდეგ მცენარეები. ამაყად მაჩვენებს, 90 წლის ზეთისხილს და ვაშლების ხეივანს. სკვერში, უკვე მოახერხა და დარგო 100 სხვადასხვა ჯიშის ყვავილი.

“იშვიათი ჯიშის ხე-ტყის ექსპერტი ვარ. თურქების წამომადგენელი ვიყავი საქართველოში. დასავლეთში, ვინც ხე–ტყეზე მუშაობს, თითქმის ყველა მიცნობს. ხე-ტყის წარმოება რომ გაჩერდა, ბეტონით ქანდაკებების შექმნაზე დავიწყე ფიქრი. ხშირად მეკითხებიან, რა მოტივაცია მქონდა… საერთოდ,  უსაქმურობა და ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს. მომწონს როცა საქმით ვარ დაკავებული, განსაკუთრებით, როცა ჩემი ნახელავით სხვებს სიამოვნებას ვანიჭებ. მამაჩემი ნოდარ ფიფია მშენებელი კაცი იყო. ზუგდიდში ცხრასართულიანი კორპუსები, რაც არის, მისი აშენებულია. სულ მის გვერდით ვიყავი. ვხედავდი, როგორ აშენებდა მაღალსართულიან სახლებს. მეც, მის მსგავსად, მინდოდა, ხალხისთვის სიხარული მიმენიჭებინა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც.

სტადიონის გარდა, სკვერზე, რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ყოველდღე მომქონდა რაღაც ახალი და ვცდილობდი, გამელამაზებინა აქაურობა. აქ სხვადასხვა ჯიშის ხეები და მცენარეები მაქვს დარგული. ხეებს მეგობრები მჩუქნიან. ზოგჯერ მე მომაქვს. ხომ ხედავთ, ჯვარს, მეუფეს ვაკურთხებინეთ. კორპუსში 150 ოჯახი ცხოვრობს, ვისაც რა შეუძლია და როგორ, შეძლებისდაგვარად, მეხმარებიან. ზოგჯერ მჩუქნიან ცემენტს, ზოგიერთი მეგობარი ჯართს იბარებს, მიკავშირდებიან, მერე ხან არმატურას მჩუქნიან და ხან რას. რა თქმა უნდა, ყველაფერს შრომა და დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი უბნის სიყვარულით ვაკეთებ”.ბეტონისგან შექმნილი ნამუშევრები ტროტუარზე, სკვერში აქვს გამოტანილი, ღია მუზეუმია აქაურობა.დათვალიერების შემდეგ, ბატონი მიშა, იქვე, ახლოს მდებარე, მის სახელოსნოში მეპატიჟება, სადაც ის ბეტონისგან ცხოველებს, ფრინველებს და სხვადასხვა ნაკეთობებს ქმნის.

ქანდაკებების შესაქმენლად მხოლოდ რკინას, ბეტონს და საღებავს იყენებს. ამბობს, რომ მისი ქანდაკებები უსაფრთხოა, რადგან ქიმიკატებს არ შეიცავს. მუშაობისას, მხატვრებისგან, რჩევებს და რეკომენდაციებს იღებს. “პირველად ლომები გავაკეთე. შემდეგ არწივი. მემგონი, ხალხს მოსწონს ჩემი ნახელავი. ამის თქმის საბაბს ის მაძლევს, რომ ქანდაკებების სანახავად ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. სტუმრობის შემდეგ, კმაყოფილები მიდიან პატარები, უხარიათ აქ ყოფნა. ხშირად მოდიან მეზობელი ქუჩებიდანაც. ქანდაკებები უყურადღებოდ არ რჩებათ ტურისტებს. ფოტოებს უღებენ და ძალიან მოსწონთ. მეც სამახსოვროდ სუვენიერებს ვჩუქნი. ერთხელ რუსმა ტურისტებმა მითხრეს, არც ისეთი ღარიბები ყოფილხართო, რასაც თქვენ აკეთებთო ეს ფუფუნების საგანი არისო. ქანდაკებების ფასი ათი ლარიდან იწყება და 2 ათას ლარამდე აღწევს. ვერ ვიტყვი, რომ მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ მაინც ვახერხებ, ვმუსაობ შეკვეთებზეც.”ბატონი მიშა ბეტონთან მუშაობას ახალგაზრდებს ასწავლის. ამ ეტაპისთვის, მას ოთხი მოსწავლე ჰყავს და უფასოდ ამეცადინებს. “ვხედავ მათ, როგორ აინტერესებთ ეს საქმე, მონდომებულები არიან. სწავლობენ და რაც მთავარია მოტივაცია გააჩნიათ”.

მიღწეული საქმეებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. ამბობს, რომ სკვერში სასურველია იყოს ხის სკამები, მინდვრის მწვანე საფარი. გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო, მაგრამ დანარჩენს მე მივხედავო. ერთი ოცნებაც აქვს უნდა პარკში ბეტონისგან დიდი საჭადრაკო დაფა გააკეთოს თავისი ფიგურებით.

“ზუგდიდელები” ესაუბრა ქუჯის ქუჩის მცხოვრებლებს:

თამაზ თოდუა: “მიხეილი და მისი თავდაუზოგავი შრომა რომ არ ყოფილიყო, დღეს, აქ ასეთი სილამაზე არ იქნებოდა. ყველას უხარია აქ ყოფნა. მეზობელი ქუჩიდანაც მოჰყვათ ბავშვები. მიშას არაფერი ენანება, ყველაფერი თავისი უბნისთვის უნდა, ის ჩვენი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა. მისი მეთაურობით ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საკითხს ჩაეყარა საფუძველი”.

ოთარ ესებუა: “რასაც აქ ხედავთ ყველაფერი მიხეილის გაკეთებულია. ვხედავდი, როგორ მუშაობდა ყოველ დღე. ყველაფერს თავისი სახსრებით აკეთებს. საღამოს თუ მობრძანდებით, ნახავთ,-როგორი ლამაზია აქაურობა. განათებულია ყველაფერი. ეს ადამიანი თავისი უბნისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. აი, ვის უნდა მიანიჭოს ქალაქმა “საპატიო მოქალაქის” წოდება”.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!