ალიკა გეთიას ზუგდიდი და ზუგდიდელები იმ ურთიერთობითა და ცხოვრებით ეოცნებება, რომლითაც ადრე ვიწონებდით თავს. ამბობს, რომ ეს დღეც მალე დადგება, ყოველ შემთხვევაში, თვითონ მოწოდებულია იბრძოლოს ასეთი ზუგდიდისთვის.
_ ჩემს ოჯახს ჩემი ექიმობა უნდოდა, მაგრამ სამედიცინო ინსტიტუტი დავტოვე და ჩავირიცხე კრასნოდარის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ზუგდიდში რომ ჩამოვედი, მიმდინარეობდა წისქვილკომბინატის მშენებლობა, მშენებარე წისქვილკომბინატში დავინიშნე ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მე ვიყავი ასაკით ყველაზე ახალგაზრდა და ამიტომ მერგო პატივი, დამეჭირა ხელი წისქვილის გამშვები ღილაკისთვის. მაშინ წისქვილკომბინატის დირექტორი იყო ბატონი ვალიკო (ვალოდია) გულორდავა, მას დიდი ამაგი აქვს გაწეული ჩემზე და დღემდე დიდ პატივს ვცემ. მალე დაიწყო საბჭოთა კავშირმა დაშლა. ახალი ქვეყანა შენდებოდა, მე საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი და ჩემი ბიზნესით დავკავდი. წლები გავიდა ბრძოლაში, შრომაში, ფიქრში. დღეს ვარ აქ, ამ თანამდებობაზე, რომელსაც ქვია “საქართველოს ფოსტის” ზუგდიდსერვისის ცენტრი” და მე ვარ ამ სერვისცენტრის უფროსი.
ჩვენი სერვისცენტრი არის ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მასშტაბით. მისი მეშვეობით, ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, იგზავნება თვეში დაახლოებით 5-6 ათასი სხვადასხვა ტიპის გზავნილი. ჩვენთან შემოსული წერილი 3 დღეში უნდა ჩაბარდეს მომხმარებელს, ნებისმიერი სახის სასწრაფო წერილი კი მომხმარებელს ბარდება იმავე დღეს.
_ თქვენი კოლექტივის შესახებ რას გვეტყვით?
_ მყავს 18 თანამშრომელი. მათი საშუალო ხელფასი 350 ლარია, კურიერებისთვის 500 ლარი. მე ამ თანამდებობაზე არ მოვსულვარ ჩემი გუნდით, თანამშრომლები სამსახურიდან არ დამითხოვია პარტიული ნიშნით. ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით, რომ ეს არ მომხდარიყო. პროფესიონალები პარტიული ნიშნით არ უნდა თავისუფლდებოდნენ.
_ ბატონო ალიკა, ადრე ყველა სოფელს ჰქონდა ფოსტა…
_ “საქართველოს ფოსტას” აქვს იდეაში სოფლებში ფოსტის აღდგენა. ვიცი, რომ უპირველესად ანაკლიის ფოსტის აღორძინება იგეგმება.
_ “საქართველოს ფოსტას” არაერთი საინტერესო პროექტი აქვს.
_ ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც ათმაგად ამარტივებს საქონლის გამოწერის პროცესებს. მოგეხსენებათ, ადამიანები იწერენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სხვადასხვა ნივთს სხვადასხვა ქვეყნებიდან და კომპანიებიდან ინტერნეტსერვისების დახმარებით. ჩვენ შევქმენით საიტი და აშშ-ში გაიხსნა სასაწყობე მეურნეობა, საიდანაც გაცილებით უფრო მარტივად მოხდება ამ პროდუქციის მიღება.