- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
“15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და მამაკაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის მამაკაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56
ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას – კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.