აბესალომ ტუღუში, კაცი, რომელიც ალამაზებდა ზუგდიდს


აბესალომ ტუღუშის გახსენება

დღეს, ერთი ნაღდი ზუგდიდელის, უნიჭიერესი მეცნიერ- ისტორიკოსის, ეთნოგრაფის, ხელოვანი ადამიანის, ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერის, აბესალომ ტუღუშის გარდაცვალების დღეა.

ზუსტად 11 წლის წინ, 2008 წლის 29 ოქტომბერს, მხოლოდ ორმოცდაჩვიდმეტისა, მიეფარა თვალს ბატონი აბესალომი, არადა, რამხელა საქმეებს იყო შეჭიდებული, როგორი რუდუნებით იკვლევდა, ეძებდა, ამზადებდა გამოსაცემად ჩვენი ფესვების ისტორიებს. ეს იყო კაცი, რომელიც მართლა დააკლდა ზუგდიდს, მთელ საქართველოს.
ნიჭიერებასთან ერთად, უზომოდ თავმდაბალი, უბრალო, ყოველგვარი სიყალბისგან თავისუფალი ადამიანი გახლდათ და ამიტომაც იყო მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა მისი სამეგობრო… მას ყველგან შეხვდებოდით, სადაც ინტელექტისა და ხელოვნების ,,პური ცხვებოდა” : ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სამხატვრო გალერეაში, მწერალთა კავშირში…
ერთი პერიოდი მწერალთა კავშირის სამეგრელო ზემო სვანეთის ორგანიზაციაში მუშაობდა ბატონ შუკო ჯიქიას მოწვევით. ლიტერატურული ალმანახის ,,ენგურის” რედაქტორი გახლდათ. სწორედ მაშინ დაიბადა ეს შაირი, არ მახსოვს კი, ვინ დაუწერა, მაგრამ ხშირად ამბობდა თავისი უხინჯო იუმორითა და როხროხა სიცილით:
,,აბესალომი ტუღუში
გაწიმინდალი ღურუში,
მუ გოკოდუ შუკოშა,
– მალიებელო ღუმუში”…

მწერალთა კავშირში, რამდენიმე წელი ვისხედით ერთ ოთახში და საშუალება მქონდა თვალი მიმედევნებინა ამ ბაჯაღლო ადამიანისთვის, მესწავლა მისგან… გაოცებული დავრჩენილვარ ბევრჯერ, მისი შრომისმოყვარეობით, წიგნიერებით, მრავალმხრივი ნიჭიერებით, მახვილი ენისა და ლიტერატურული გემოვნების წყალობით, ექსპრომტად საოცარ შაირებს ,,გამოგიცხობდათ” წამში, ან როგორი შარჟები ჰქონდა… ვწუხვარ, რომ ჩემი ახალგაზრდული თავქარიანობით დავკარგე ეს შარჟები და შაირები… მეგონა მუდამ ასე იქნებოდა… მუდამ გადავეყრებოდი ზუგდიდის ქუჩებსა და კულტურ დაწესებულებებში ამ ადამიანს. მუდამ შემომირბენდა რედაქციებში და უჯრას ამივსებდა უნიკალური მასალებით…
მას საოცარი არქივი დარჩა, რომელიც 11 წლის შემდეგ, მცირედითაც კი არ არის შესწავლილი და გამოცემული. მჯერა, ამ ზღვა მასალას და ბატონ აბესალომსაც თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს ისტორია…
ამ პატარა წერილით უბრალოდ გავიხსენე ამ ქვეყნიდან ნაადრევად წასული ნიჭიერი კაცის ცხოვრება. აქვე მინდა შემოგთავაზოთ მისი რამდენიმე  შაირი, რომელიც მისმა ვაჟმა – გია ტუღუშმა მომაწოდა.

კალე სამუშიას
ვერწემ საქვარს ორკინუქჷ,
რექ მარგალურ ლერსიშ მინჯე.
მუშ კჷნოხონ ვაშჷნ თინა,
მის ვოუჩქ _ რე უჯინჯე.
ბრელჲს ოდო, მათ მონჯარჷ,
კეთილ ნჯარათ სკან სიჸინჩე.
მუჟამს რჯერსჷ, სკან ბონობანჷ,
უბოგე წყარი შეჲლებ ხინჯე.
ვეშეილებუ ვამორწონსჷნ,
ეთის ოცქვე დო ვახინჯე.
ჩე უჩათი მიშინუე,
ოდო ორქო გაალინჯე.

ბებხეს
თვალები გაქვს მომნუსხველი,
კაცის დამაბნეველი,
სიგარეტს მიეძალება,
თუნდ არ იყოს მწეველი
ამად უფრთხის ბევრი მზერას
შენსას მწველს და ყივჩაღურს,
არადა ხომ ყველა მათგანს
შენი ჩახუტება სურს.
ნუ აწამებ დალოცვილო,
ვისაც შენი სწადია,
მოფერება და ალერსი,
და ნუ ეძებ დადიანს.
ხელმწიფობა გადავარდა,
ყვარებაა ხელმწიფე,
თორემ მალე გაერევი,
შენც უკბილო დედიბებს.

ერემახეს
კაცი შენ რომ დაგინახავს,
ჟრჟოლას ებრძვის ვნებიანს,
შენი სხეულის შეხება,
ძნელი გასაბედია,
რადგან მორევა იმისი,
რაიც კვეს – აბედია,
ვინძლო შეძლოს ა იმ კაცმა,
ვინაც შენი ბედია.

ფატი ნაჭყებია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!