- ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა ზღვის სანაპირო ზოლისთვის.
აღნიშნულის თანახმად ძირითადი რეკომენდაციებია:
„პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე განიხილეთ პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა. უზრუნველყავით სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში“, – ნათქვამია დადგენილებაში.
რეკომენდაციების თანახმად გაწერილია ვალდებულებები საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის (საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა, სკუტერი, ველოსიპედი და სხვ)
„უზურნველყავით დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს; უზრუნველყავით დასაქმებულები სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით; უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარისსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელთამანები;
დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;
წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით;
დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის
„მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით; დადგენილი წესით.
სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები; სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას“ , – ნათქვამია დოკუმენტში.