ხათუნა ბეჭვაია – ქალთა უფლებადამცველი!


ხათუნა ბეჭვაია ზუგდიდელია, სამედიცინო ცენტრ ,,თანაზიარის” დირექტორი, რომელიც უკვე წლებია არაერთი საქველმოქმედო პროექტის ავტორია და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს არა მარტო ზუგდიდელებისათვის, არამედ ზოგადად – სამეგრელო – ზემო სვანეთის მოსახლეობისათვის. წელს, ის, იმ 11 ქალბატონს შორის დაასახელეს, რომლებიც წარდგენილი იყვნენ ,,კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე”. ,, ჩემთვის დიდი პატივი და დაფასებაა, რომ  დამასახელეს  11 უძლიერეს ქართველ უფლებადამცველ ქალბატონს შორის. ეს განმაწყობს კვლავაც განვახორციელო მნიშვნელოვანი პროექტები ჩემი თანამემამულეებისათვის. წელს ,,კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ ლაურეატი გახდა ფონდ ,,ტასოს” ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი. სხვათაშორის, ქალბატონ მარინას ხელმძღვანელობით არაერთი პროექტი არის განხორციელებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“- ამბობს ,,ზუგდიდელებთან” საუბარში ხათუნა ბეჭვაია.

ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი. კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის  წახალისება.

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ნომინანტები იყვნენ – ანა აბაშიძე; ქეთევან ხიდაშელი; იდა ბახტურიძე; ხათუნა ბეჭვაია; ნაზი ბერუაშვილი; მარინა თაბუკაშვილი; მარიამ თედლიაშვილი; ნატალია კოპალიანი; თამთა მელაშვილი; ლიანა ჩლაჩიძე; ლიანა ჯაყელი.  კატო მიქელაძის სახელობის პრემიის“ ლაურეატი გახდა ფონდ ,,ტასოს” ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.