ჩვენი თანამემამულის ხმა ავსტრიიდან–თეონა მოსია

  • ცნობილი, ზუგდიდელი ჯაზის მომღერალი თეონა მოსია, რომელიც ავსტრიაში, ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, “ზუგდიდელებთან” საუბარში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მომღერალი ამბობს, რომ მისთვის და მისი კოლეგებისთვის, მიუღებელია და რეგრესია ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობა:

“საქართველო, დღეს, დგას უდიდესი გამოცდის წინაშე. ჩვენ უნდა ვუთხრათ მტერს, რომ მისი ადგილი საქართველოში არ არის. მართალია, ჩვენი პრორუსული მთავრობა ცდილობს შევეგუოთ “გავრილოვის ღამეს”, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები ამას არ შეეგუებიან. მხარს ვუჭერ ყველას, ვინც აპროტესტებს ჩვენი ხელისუფლების საბედისწერო შეცდომას.
მე პატრიოტული სულისკვეთებით გავიზარდე და სხვაგვარად არ შემიძლია, არ მესმის, როგორ შეიძლება საკუთარი კეთილდღეობა დააყენო უფრო მაღლა და ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გათელო.
გული მწყდება, რომ ჩემი ქალაქი დუმს. მე არ მახსოვს ასეთი ზუგდიდი. მაშინ როდესაც ნებისმიერი საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან იწყებოდა, დღეს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ახალგაზრდები აპროტესტებენ ოკუპაციას.
რუსული პროპაგანდის შედეგია რასიზმი და ჰომოფობია საქართველოში. ეს ორი დაავადება მძინვარებს რუსეთში. გარდა იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ასევე არის ჩემთვის რეგრესი.
თებერვლის თვეში, საქართველოში ჩამოვედი ავსტრიელ მუსიკოსებთან ერთად. აეროპორტში რუსულდ გვესალმებოდნენ. შემრცხვა ძალიან. ავსტრიაში რომ დავბრუნდით, მუსიკოსები თავიანთ კოლეგებს უყვებოდნენ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია. ყველა რუსულად გესალმება და რესტორნებშიც რუსულ ენაზე ემსახურებიან ტურისტებს. მე მრცხვენია და მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ეპოქა საქართველოში.
მე და ჩემი მეგობრები, ავსტრიაში მცხოვრები ქართველები, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ჩვენ ორმაგად განვიცდით და გვტკივა “გავრილოვის ღამე” საქართველოში.
ახალგაზრდებმა ფეისბუქზე შექმნეს გვერდი Spend your summer in georgia, რომელსაც ძალიან ბევრი ტურისტი გამოეხმაურა. მომეწონა ახალგაზრდების იდეა და გადავწყვიტე ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოში ტურისტების მოზიდვაში. ამჟამად, ვგეგმავ, ჩემი ბენდის წევრებთან ერთად, აგვისტოში, საქართველოში ჩამოსვლას და ტურისტებისთვის უფასო კონცერტის გამართვას. თუ, სად, რომელ ქალაქში გაიმართება კონცერტი, ივლისის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი.”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.