- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა – სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და სამი პირი დააკავა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. ამასთანავე, დაბა ჩაქვში, ი.მ.-ის მითითებით ამოღებულია მის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.
ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება ედება ბრალად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულ 2 პირს: 1998 დაბადებული ს.ც. და 1995 წელს დაბადებული ნ.მ.-ს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბრალდებულების მითითებით, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.
ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ზ.ღ. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მის მიერ კულტივირებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული თ.ტ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“, „მდმა“-ს შემცველი 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, სსკ-ის 19-260-ე, სსკ-ის 265-ე, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლით, სსკ-ის 18-273 -ე პრიმა მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვაია შსს ინფორმაციაში.