შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” კონკურსს აცხადებს


  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.

ყოველწლიური ჯილდოს სახელწოდებით – „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესების ინიციატივით სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა პირი, ახალგაზრდების ჯგუფი ან ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3 000 ლარის ოდენობით.

გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 21 სექტემბერს.

კონკურსში შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდა პირის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ნომინირება. ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფს, არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.

ნომინაციაზე წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

კანდიდატი თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას;

კანდიდატის საქმიანობა უნდა ასახავდეს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება მისი წვლილი სამშვიდობო პროცესში;

კანდიდატის მიერ სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი შეიძლება ვლინდებოდეს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით, მაგალითად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის საკითხზე განხორციელებული აკადემიური საქმიანობა (კვლევები, ანგარიშები, ნაშრომები);

ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის ინიციატივების დაგეგმვა, განხორციელება ან/და მონაწილეობა;

კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში განხორციელებული აქტივობები ან/და გამოჩენილი ინიციატივები;

მშვიდობის მშენებლობის მიზნით სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა და სხვა.

განაცხადები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2022 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smr.gov.ge.

განაცხადში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული: ინფორმაცია კანდიდატის წარმდგენი პირის/პირების თაობაზე, საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით; კანდიდატის სახელი და გვარი, მოკლე ბიოგრაფია (განათლება, საქმიანობის სფერო); მშვიდობის მშენებლობის პროცესში კანდიდატის მიერ შეტანილი წვლილის მოკლე აღწერა (არა უმეტეს 500 სიტყვისა); ნაშრომებისა და სხვა დამხმარე მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოწოდება შესაძლებელია დანართის სახით. წარდგენილი კანდიდატი/კანდიდატთა ჯგუფი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული კონკურსში ნომინირების შესახებ და უნდა იყოს თანახმა მისი კანდიდატურის განხილვაზე. გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის შერჩევა მოხდება „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.