- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ქ. ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 23 ერთეული ავტომანქანის სარეგისტრაციო ყალბი ე.წ. „ფასიანი“ სანომრე ნიშანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.