სიყვარულით გაკეთებული საქმე


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, სასახლის განყოფილებას ხელმძღვანელობს ქალბატონი მედეა თორია. პროფესიით მათემატიკოსია, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა ქალაქის მეათე საჯარო სკოლაში. უყვარს საქმე, რომელსაც დიდი რუდუნებით აკეთებს. ნებისმიერი წამოწყებული იდეა და პროექტი სიყვარულით და ერთგულებით მიჰყავს ბოლომდე. ამბობს, რომ წარმატებისთვის მიზნის დასახვა, შრომა და მონდომებაა საჭირო.
-ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, წლებია ვმუშაობ. მძიმე და რთული პერიოდი გაგვივლია. ადრე, ორგანიზაციას სხვა სტრუქტურა ჰქონდა, ვიდრე დღეს, თუმცა ყველაზე მთავარი, რაც წლების წინ იყო და ახლაც არის, ეს არის ბავშვებთან ურთიერთობა.
-ქალბატონო მედეა, არაერთ პროექტზე გიმუშავიათ…
-ბევრი და ძალიან საინტერსო პროექტი აქვს განხორციელებული სასახლის კოლექტივს ზუგდიდელი მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. სასახლეში ფუნქციონირებს ბავშვთა თვითმმართველობა ,”ოდაბადე”, სადაც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლის ლიდერი მოსწავლეები არიან გაერთიანებული. ისინი განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს ფლობენ. აქვთ საკუთარი შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე. არ არიან ერთ სივრცეში ჩაკეტილები. სწორედ მათთან მუშაობა მე მიქმნიდა იმის საშუალებას, რომ ახალი იდეა, პროექტი შემეთავაზებინა მათთვის, ამ სიახლეებით მეც გავიზარდე და ბევრი მათგანიც წარმატებული გახდა. სწორედ მათი პროექტია ,”ახალი სახეები”, რომლის მიზანი იყო შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პრეზენტაცია ფართო საზოგადოების წინაშე, შერჩეული ნამუშევრების გამოცემა, ყოველწლიურად, ბროშურის სახით. 2014 წელს გამოიცა ბროშურის ,”ახალი სახეები” პირველი ნომერი, რომელშიც შევიდა პროექტში მონაწილე 16 ნორჩი შემოქმედის ლექსი. მას მოჰყვა მეორე ნომერიც… ხშირად, ყოფილი “ოდაბადელების” ინტერვიუებს, რომ ვკითხულობ, ვხედავ, ყველა სასიამოვნოდ იხსენებს სასახლეში გატარებულ წლებს. სასახლეში წარმატებით ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ერთობლივი პროექტი ,”ნორჩი მკვლევარი”. კონკურსის მიზანია მოზარდებში კულტურული და რელიგიური ფასეულობებისადმი დამოკიდებულების ამაღლება, წინაპრების მიერ შექმნილი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მათი დაცვის საქმეში აქტიური ჩართვა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. პროექტის ფარგლებში, ჩვენ, ვიმყოფებოდით, სამცხე-ჯავახეთში. ჩავატარეთ კონფერენცია, სადაც ჩავრთეთ ახალციხის საჯარო სკოლა. წელს, დაგეგმილი გვაქვს კონფრენციის მესტიაში. ყოველი წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, ტრადიციულად, საზეიმოდ იხსნება “მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები”. სასახლეში წარმატებით ხორციელდება ინტელექტუალური თამაშები. დავიწყეთ ფილმების ჩვენება და განხილვა. წარმატებული პროექტები გვაქვს ნორჩ ჟურნალისტთა კლუბ “სარკმელთან”. ჩატარდა საყმაწვილო მედიაფესტივალი. გამოიცემა საყმაწვილო, ფერადი  ჟურნალი “ახალი სარკმელი”. სასახლეში ფუნქციონირებს დრამატული და საყმაწვილო თეატრი. ვახორციელებთ “თეატრის დღეს სკოლაში”, სადაც ვიწვევთ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს. გვაქვს ანიმაციის საფუძვლების შემსწავლელი წრე, რომელსაც თბილისიდან მოწვეული პედაგოგი არჩილ კუხიანიძე უძღვება. მოსწავლეებმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გადაიღეს და სასახლის ფეისბუქგვერდზე ატვირთეს. მიმდინარეობს კონკურსი-ვიქტორინა: “იცოდე შენი კუთხის ისტორია”, სადაც, ბავშვები სწავლობენ სამეგრელოს ისტორიას. ჩვენი მიზანია, სასახლეში განხორციელებული საქმიანობების შესახებ მეტმა ადამიანმა იცოდეს, გაიგოს, რა კეთდება მომავალი თაობის აღზრდაში და მათი აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი.

-განხორციელებული პროექტებიდან, რომელია თქვენთვის განსაკუთრებული?
-ჩემთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, მაგრამ გამოვყოფდი სასახლის უმცროს კლასელთა ვიქტორინა-კონკურსს: “ჩვენ ვკითხულობთ”, რომლის მიზანია საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია, კითხვის სწორი სტრატეგიისა და კულტურის დანერგვა, მხატვრული ლიტერატურისა და მისი სიყვარულის ამაღლება, გემოვნებისა და ესთეტიკური ხედვის დახვეწა, მოზარდთა ჰარმონიული და ინტელექტუალური განვითარება. ძალიან ბევრი ტური ჩავატარეთ. მახსოვს, პროექტი დავიწყეთ სამი გუნდით და 18 მოსწავლით, ახლა 26 გუნდია ჩართული ქალაქისა და რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსები, რომლებიც ეძღვნებოდა ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის, ასტრიდ ლინდგრენის, რევაზ ინანიშვილის და ოტია იოსელიანის შემოქმედებას.
-ყოფილი “ოდაბადელები, საზოგადოების აქტიური წევრები არიან…
-დიახ. ნინო პატარაია, თათა ბერია, მიშიკო ბუაძე, ბაკურ ხუბულავა, თუნდაც ჩემი შვილი თეონა ნადირაშვილი. მახსოვს, თეონა სამსახურს იწყებდა და გასაუბრება უნდა გაევლო, ძალიან დაინტერესდნენ სასახლის პროექტებით, რა გავლენა ჰქონდა სასახლეს მათ პროფესიულ განვითარებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სასახლის საქმიანობა სტრუქტურულად და თავისი დატვირთვით სხვების ინტერესაც იწვევდა. ძალიან ბევრისგან მსმენია, რომ პროექტზე მუშაობამ მათ მისცა საშუალება, საზოგადოების აქტიური წევრები გამხარიყვნენ. მათთვის სასახლე გარკვეული სკოლა იყო.
-თქვენთვის რა არის სასახლე?
-ჩემთვის სასახლე ყველაფერია. ეს არის ადგილი, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, შევძელი, “გადასხვაფერება”, სხვა სფეროს მოვერგე. ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელიც მე სასახლეში დამხვდა და დღესაც ჩემს გვერდით არიან, ბუნებრივია, მეც მათ გვერდით ვარ. ერთად გაკეთდა ყველა ის საქმე, რამაც დღეს სასახლეს სახელი გაუთქვა პროექტებზე, ფესტივალებზე, კონკურსებზე მონაწილეობით და გამარჯვებით, თუნდაც ცნობადობის ამაღლებით. პროექტებით, ჩვენ, სამეგრელო-ზემო სვანეთსაც გავცდით. ჩვენ შემოგვიერთდა სამხატვრო, სამუსიკო, საგუნდო სკოლები. ეს გარკვეულწილად მეტ შესაძლებლობას იძლევა, რადგან ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მათი ჩართვა ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტებში და ბუნებრივია, ჩვენც მათ პროექტებში გარკვეულ მონაწილეობას ვღებულობთ.

-სასახლის აღსაზრდელებს ძალიან უყვარხართ…
-მეც ძალიან მიყვარს ისინი. ყოველთვის ვგვრძნობ მათ სიყვარულს და პატივისცემას. თუ მოწოდებით პედაგოგი ხარ და მოსწავლის სიყვარულს დაიმსახურებ, ეს იმას ნიშნავს, რომ “რაღაცა” გაგიკეთებია მათთვის.
-კოლექტივზე თბილად მესაუბრებით…
-კოლექტივს არაჩვეულებრივი ადამიანი უდგას სათავეში. ყველა იდეას და ინიციატივას, რასაც სასახლის თითოეული თანამშრომელი წამოაყენებს, ქალბატონი ნინელი ჭითანავა განხორციელებადს ქმნის. ძალიან შრომისმოყვარე და ენერგიული მენეჯერია. რაც მთავარია, უყვარს საქმე და ბავშვები. მან შესძლო ძლიერი გუნდის შეკვრა. სასახლის წარმატება მისი და კოლექტივის დიდი დამსახურებაა.
-გვითხარით, როგორი თაობა მოდის…

-თაობა მოდის ისეთი, რომელიც არაფერს გპატიობს. პედაგოგები უფრო მობილიზირებულები უნდა ვიყოთ, შეცდომა რომ არ დავუშვათ მათთან ურთიერთობაში. არის თაობა, რომელიც კითხულობს, თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან გატაცებულნი და თაობა, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა. გულახდილად მინდა გითხრათ, რომ კარგად ვუგებ ამ თაობას.
-წარმატებული ქალბატონი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის “წარმატებული ქალი”…
-“წარმატებული ქალი” არ ნიშნავს მაღალ თანამდებობაზე ყოფნას. არ ვიცი, რამდენად წარმატებული ქალი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემს წარმატებად ჩაითვლება ის პროექტები, რომელიც სასახლეში განმიხორციელებია. ვფიქრობ, ქალს წარმატებულს ხდის ის საქმე, რომლესაც ის სიყვარულით აკეთებს.
-სასახლის გარეთ, როგორია მედეა თორია?
-თავისუფალი, უბრალო და მხიარული. მოსაწყენი არ ვარ. თუ რამე მაწუხებს, ჩემთვის მაწუხებს, სხვა ამას ვერასოდეს გაიგებს, განსაკუთრებით შვილი და შვილიშვილები.
-თქვენს ოჯახზე მომიყევით…
-შვილი თეონა ნადირაშვილი, როგორც გითხარით, სასახლის აქტიური წევრი იყო. მისი და მისი მეგობრის დაარსებულია სადისკუსიო კლუბი “გასაღები”, სადაც მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე. თეონამ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს,”ჩირინა” (ბიუ-ბიუ ქათმის მწარმოებელი კომპანია) შესყიდვების სამსახურში. ჰყავს ორი შვილი ნუცა და ნიკოლოზ გიორგობიანები. შვილიშვილებმა სულ სხვანაირად შემახედა ცხოვრებას. თეონას წარმატებაში სასახლეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვნის.
-როგორც ვიცი, მამათქვენი, ბატონი ორდენ თორია, გაზეთ “მებრძოლში” კორესპონდენტად მუშაობდა…
-დიახ. მამა მუშაობდა გაზეთ “მებრძოლის” რედაქციაში. ახლაც შენახული მაქვს ის გაზეთები, სადაც მისი ლექსები იბეჭდებოდა. იყო ომის მონაწილე. დედაც პედაგოგი იყო. ბაბუა-გიორგი თორია, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სოფელ შამგონის სკოლის დამაარსებელი იყო. როცა ჩავდივარ ჩემს სოფელში, ასე მომმართავენ-ეს არის გიორგი თორიას შვილიშვილიო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ახსოვთ ბაბუა და მისი ღვაწლი სოფელში. ბაბუა ყოფილა სოფელში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. პედაგოგი გახლავთ, ჩემი და ციცინო თორია,-მეათე საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მათემატიკის მიმართულების ტრენერი და სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ტრენერი.
-თქვენი თავისუფალი დრო…
-თავისუფალ დროს, ძირითადად, ვკითხულობ, საინტერესო ფილმს ვუყურებ, ან ვქსოვ.
-როგორ ვიცი, ძალიან გიყვართ სამზარეულოში ყოფნა…
-ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. არაფრის კეთება არ მეზარება. ჩემი გაკეთებული კერძები ყველას მოსწონს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ კარგი დიასახლისი ვარ. ძალიან მსიამოვნებს, როცა ჩემი ნახელავით სხვას ვუმასპინძლდები.

-წარმატებულმა ქალბატონმა, მანდილოსნებს გაზაფხულის დღესასაწაულები მიულოცეთ.
– მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო მარტის დღესასწაულები. ყველა თავის საქმეში წარმატებული ყოფილიყოს. ვაკეთოთ საყვარელი საქმე ყოველგვარი ანგარების გარეშე და აუცილებლად წარმატებას მივაღწევთ.
-წარმატებებს გისურვებთ.
ეკა ფარულავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!