ფეხბურთის ფედერაციამ ზედაეწერის სტადიონზე თამაში აკრძალა


 ამ დილით, ქალაქ ზუგდიდის მერიასთან,  „ზუგდიდის“ ფეხბურთელები, ფანკლუბ „აბრაგების“ წევრები შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, არ  გამართონ ზედაეწერის სტადიონზე წლის ბოლომდე დარჩენილი საშინაო შეხვედრები.
”აბრაგების” პრეზიდენტი გიორგი ბაჩილავა და ფეხბურთელები ითხოვენ, რომ ხვალინდელი შეხვედრა  ბოლნისის ”სიონთან” მნიშვნელოვანია და უნდა გაიმართოს ზედაეწერში.

ბაჩილავა განმარტავს, რომ არის გუნდები, რომელთა სტადიონებიც უფრო ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა მათ, ფედერაციის უარი, საკუთარი სტადიონით სარგებლობის შესახებ, არ შეხებიათ, ამიტომ ეჭვობს-ეს პირადი ინტერესი ხომ არ არის, რადგან ”სიონის”პრეზიდენტი ლადო ბურდული და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები არიან. მერიასთან შეკრების შემდეგ ფეხბურთელები გაემართებიან ზედაეწერში, სადაც სტადიონის მდგომარეობას ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერებენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=C98gZSohal0[/embedyt]

„ზუგდიდმა“ გუშინ, 3 ნოემბერს მიიღო ფეხბურთის ფედერაციისგან წერილი, რომლის მიხედვითაც გუნდს წლის ბოლომდე დარჩენილი ბოლო ორი საშინაო მატჩის გამართვაზე ზედაეწერის სტადიონზე უარი ეთქვა. მიზეზად აღნიშნულია, რომ სტადიონის მინდვრის საფარი არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს.

ამას გარდა, კლუბში ფინანსური პრობლემებია. მათ მიმართ უკრაინელ ინვესტორს ორი თვის სახელფასო დავალიანება აქვს. „ზუგდიდის“ კაპიტნის, ნიკოლოზ აფაქიძის ინფორმაციით, ინვესტორი უარს ამბობს დაფინანსებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თუმცა კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, გელა ინალიშვილის და ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას მტკიცებით, ჯერჯერობით არაფერია გარკვეული და ინვესტორისგან საბოლოო პასუხს ამ დღეებში ელოდებიან.

თუმცა კლუბის ადმინისტრაციის მიერ 2 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მომდევნო ტურის მატჩამდე ფეხბურთელთა და ადმინისტრაციის მიმართ არსებული დავალიანების გარკვეულ ნაწილს დაფარავს


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!