- ქალაქ ზუგდიდში ადიდებულმა მდინარე ჩხოუშიამ ჩაიკოვსკის ქუჩაზე საფეხმავლო ხიდი დააზიანა, რამდენიმე სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ხიდბოგირები.
ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაადგენს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაშიც. სტიქიამ ნაგურუს უბანში ხვიჩავების საცხოვრებელი სახლი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად სახლის ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოინგრა, რაც საძირკვლის დაზიანებამ გამოიწვია.
ადგილზე ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, წალენჯიხის საკრებულო წევრთან, საჩინოს მაჟორიტარ დეპუტატთან ნანა კეკუასთან ერთად გაეცნო.