ტალახით ძერწვა, ათი მცნება და…


 წვიმისას, მშობლიურ ქალაქში გასეირნებამ, ის პატარა, მიწიდან ამოზდილი ნაწიბურები გამახსენა, რომლებიც თავისი ელასტიურობით საოცრად წააგავენ პლასტელინს და მათი მოძებნა წვიმის შემდეგ, გამოდარებულზე, შავ-მიწა ნიადაგებზე,  ძალიან ადვილად შეიძლება. მთავარია, ყურადღებით დააკვირდეთ ჯერ კიდევ დანამულ ბალახებს ქვეშ, მზის სითბოსაგან ოხშივარადენილ მიწას, ან უკვე თითქმის ამომშრალ, წინადღეს ატალახებულ გუბეებს, რომლის ზედაპირიც ჯერ კიდევ სლიპინა და სველია, და აუცილებლად იპოვით მინიატურული მიწის ბურთულებით შეწებებულ პატარა, შავ მტევნებს, რომლებიც ხანდახან, ახლახანს ამოფრქვევა დასრულებულ და ჯერაც ლავაარშემშრალ კრატერებს მოგაგონებთ, ხანაც ციდან მოწყვეტილ ნაყინის ბურთულებად შეკოწიწებულ ღრუბლებს, რომლებიც საოცრად დაპატარავებულან და ვიღაცას ისინი შავად შეუფერადებია.

კარგა ხნით სხვაგან ყოფნის შემდეგ დაბრუნებულზე, არაფერი არ უხდება მშობლიურ ქალაქს ისე, როგორც მის ქუჩებში სეირნობისას ბავშვობის მოგონებების აშლა და იმ ბავშვური წლების გახსენება, როდესაც სკოლიდან სახლისაკენ მიმავალნი შევიცნობდით გარე სამყაროს, ვაკვირდებოდით მის კანონზომიერებებს და თითოეული ნაბიჯის გადადგმასთან ერთად, ვიზრდებოდით საოცრად სწრაფად, ალბათ თვეში სანტიმეტრს, ან იქნებ ორსაც. …ძალიან გამიხარდა, როდესაც მეორე დღეს, ქუჩის განაპირას, ბალახებს შორის, ეს პატარა შავი შოკოლადისფერი მტევნები ვიპოვე, რომელთაც გონებაში  ბავშვობიდან რატომღაც “ტალახის ნაწიბურები” შევარქვი და ძველებური გულმოდგინებით შევუდექი მათგან გაურკვეველი ფორმის ფიგურების ძერწვას. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ქუჩებშიც უამრავი ადამიანი ირევა: ზოგი სიგარეტს აბოლებს, ზოგი – ხმამაღლა ყვირის, ზოგიც ტალახისგან გაურკვეველი ფორმის ფიგურებს ძერწავს, ზოგიც შეყვარებულს კოცნის და მერე ჯარიმას იხდის უხამსი საქციელისთვის, ზოგი გადარეული, შუა ქუჩაშიც იხდის და შემდეგ ბანკშიც – ამჯერად უკვე უხსობისთვის დაკისრებულ ჯარიმას, ზოგი ნახევრად გახდილი დადის, ზოგიც კოჭებამდე ჩაცმული (რას გადავეკიდე ამ გახდა-გადახდას ღმერთმანი). ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ერთმანეთს ესალმებიან, ხანაც აგინებენ, ტაძრის ნახვისას პირჯვარს იწერენ, ერთმანეთს უღიმიან, ან შეუბღვერენ, დახმარების ხელს გამოგიწვდიან, ან მაგრად ჩაგცხებენ, მოკლედ, რამდენიმე კულტურული თავისებურების გარდა, მგონი არც არაფერი ხდება ისეთი რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. ჩვენი ერის ქმედებებს, ჩვენს ქცევის მანერებს, დაშვებულსა და დაუშვებელს შორის ზღვარს კი, არეგულირებს უპირველესად ღმერთი (რომელიც, როგორც ამბობენ, საერთოდ ყველაფერს არეგულირებს), შემდეგ კულტურული ფასეულობები და მორალური კოდექსი (რომელსაც ნაწილობრივ რელიგიაში აქვს გადგმული ფესვები) და ბოლოს, საქართველოს კონსტიტუცია და ყველა მისი შვილობილი კოდექსები და „კოდექსუნიები“. საქართველო ალბათ მაინც ის ქვეყანაა, სადაც დაწერილ წესებზე უფრო მეტად პოპულარული, დაუწერელი წესებია, და სწორედ ამიტომაც, აქ ბევრი რამ ხდება ისეთი, რასაც ბევრგან ვერ ნახავთ და ამასთანავე, ბევრი რამ ხდება ისეთიც, რასაც ბევრგან ნახავთ. იმედია, ამ სიტყვების კორიანტელმა არ დაგაბნიათ, და ყველანი მიხვდით რომ საუბარია ინდივიდსა და კანონს შორის დამოკიდებულების საკმაოდ გავრცელებულ და გაუკუღმართებულ ფორმაზე, რომლის არსებობაც საქართველოში, ჩვენს ქვეყანას განვითარებადი ქვეყნების რიგში გადაისვრის და მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „განვითარებადი“ თავისი არსით  სულაც არ არის ნეგატიური, რადგანაც განვითარების პროცესში ყოფნა, მიზნისკენ სწრაფვას გულისხმობს, რომელიც საკმაოდ პოზიტიური ფაქტია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტატუსის მქონე სახელმწიფოები პროგრესირების დონითა და ტენდენციებით, მხოლოდ არშემდგარ ქვეყნებს უსწრებენ. არშემდგარი ქვეყნები კი ის ქვეყნებია, რომლებიც ჯერაც იმ დროში ცხოვრობენ, კაცობრიობა ბნელი რომ იყო. და მაინც, რატომ არის შავით-თეთრზე დაწერილი კანონები უფრო ნაკლებად აქტუალური, ვიდრე მორალის დაუწერელი კოდექსი? იქნებ, ხალხის თვითშეგნებისა და გარემომცველი სამყაროს ადეკვატურად აღქმის მაღალი კულტურის გამო, რომელიც განპირობებულია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთთანაცხოვრების შედეგად ცნობიერსა თუ არაცნობიერში დაგროვილი გამოცდილებით და, შესაბამისად, ურთიერთშორის ნდობის ფაქტორის დაფასებულობით ქაღალდზე უსულო სიტყვებით დაწერილ კანონებთან შედარებით, იქნებ უნდობლობით საკანონმდებლო ინსტიტუტების მიმართ, რომელნიც გამუდმებით ცდილობენ თავიანთი კანონებით შეზღუდონ ხალხის პირადი თავისუფლება და ამით უგულებელყონ და ფაქტობრივად არაფრად ჩააგდონ ათასწლეულებგამოვლილი, მორალურ ფასეულობებში შესისხლხორცებული დაუწერელი წესები, რომელთაც ძალუძთ ყოველგვარი დამატებითი წესებისა და კანონპროექტების გარეშე სამართლიანად და ეფექტურად წარმართონ საზოგადოებრივი ცხოვრება, თუ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენ, ძალიან ამპარტავანი და ქედმაღალი ხალხი ვართ და არ გვსიამოვნებს სხვისი დარიგებების სმენა (სხვათაშორის, არც იესო ქრისტესი, რომელმაც მოგვიწოდა კეისარს მივაგოთ კეისრისა), და არც იმის აღიარება, რომ შესაძლოა არსებობდეს ჩვენზე ჭკვიანი ადამიანი  მთელს დუნიაზე, რომელიც მიგვითითებს რომ ჩვენ ყველა საკითხში კომპეტენტური ვერ ვიქნებით, რომ „ათი მცნების“ გადრა, კიდევ არსებობს სხვა, შავით-თეთრზე დაწერილი წესები და კანონები, რომელთა დაცვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელომწიფოს ფუნქციონირებისათვის (თუმცა, გასათვალისწინებელია ის პარადოქსული გარემოებაც, რომ „ათი მცნება“ საქართველოში, ალბათ ყველაზე მეტად აღიარებული და პოპულარული დაწერილი წესების კრებულია, რომელიც თითქოს ყველას აღელვებს და ამასთანავე, თითქმის ყველას ფეხებზე კიდია) და რომელთა შემდგენთაც ისევ და ისევ ჩვენ ვირჩევთ: ბელადის აღიარებით, მონარქის წინაშე მუხლმოდრეკითა თუ საარჩევნო უბანში იმ ფურცლებზე,  რომელსაც „ბიულეტენი“ ჰქვია, იმ ნომრების შემოხაზვით, რომელთაც არჩევნებამდე საკმაოდ ხშირად აჩვენებენ ტელევიზორში, ან აცხადებენ რადიოში, ანაც ვიღაც ჰალსტუხიანი ბატონებისა და უჰალსტუხო ქალბატონების ფოტოების გვერდით (ჯერ-ჯერობით ჰალსტუხიანი ქართველი პოლიტიკოსი ქალი არ მინახავს და მომიტევეთ ეს სიტყვები, იმედია სექსისტობაში არ ჩამომართმევთ), ვხედავთ ბილბორდებზე,-ქუჩებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე და ხანდახან საზოგადოებრივ ტუალეტებშიც. ძალიან დიდი სისულელეა ამდენი აურზაური ავტეხოთ პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად, თვეობით ვიდგეთ წვიმასა და ქარში ხელისუფლების შესაცვლელად (წვიმასა და ქარში!!!), და ახალი კანონმდებლებისა და აღმასრულებელთათვის გზის გასაკაფად და შემდეგ მეგობრებში ვიბაქიოთ იმ ფაქტზე, თუ როგორ დავარღვიეთ კანონი და ჩვენი გამჭრიახობით ვერც ვერავინ შეგვამჩნია. გამჭრიახობა, სულაც არ არის ცუდი თვისება, უბრალოდ, საკუთარი თავის წინააღმდეგ მის გამოყენებას სისულელე და საჯაროდ „ვირი ვარ, ვირი ვარ და მაგიტომ ვყვირივარ“-ის ძახილი ქვია, და სხვათაშორის, ჩვენი ევროპელი მეზობლები, რომელთა წიაღში დაბრუნებასაც ახლა ვცდილობთ (მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ საბჭოთა წიაღში დაბრუნება აღარ გვინდა  ჩვენ ქართველებს, ამიტომაც გავკადნიერდი და ეს თეზისი წამოვაყენე, ხოლო მათთვის ვინც არ დამეთანხმება და „ველიკაია ძერჟავას“ ხიშტსა და „მატუშკა როსიას“ თეთრ ძუძუს ამჯობინებს, ვიტყვი, რომ ალალი იყოს თქვენზე, მეტს მაინც არ იმსახურებთ), ამ თვითდისკრედიტაციის ფაქტს უფრო ამჩნევენ, ვიდრე ჩვენს გამჭრიახობას, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ კეტრინ ეშტონის და სხვა ევროკომისრების საქართველოში უკვე ანეგდოტად ქცეული „შეშფოთებები“ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. მათთვის, ვინც სუბიექტურობაში,  დასავლეთ ევროპაში ცხოვრებისაგან ქართულ რეალობას მოწყვეტილობასა და „მე რა მაგარი ტიპი ვარ – თქვენ რა გოიმები“ დამოკიდებულებაში ან თუნდაც ნიჰილიზმში დამდებს ბრალს, ვიტყვი, რომ სულაც არ მოვწყვეტილვარ ქართულ რეალობას, პირიქით, უფრო მძაფრად შევიგრძნობ მას. მე თუ საკუთარი თავი კარგ ტიპად მიმაჩნია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში დავიბადე, აღვიზარდე და ისრებიც აქ მაქვს ნასროლი თავის დროზე  და რაც მთავარია, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვცდილობ, ამ წერილით ჩემი პატარა წვლილი შევიტანო მის გაუმჯობესებაში, მის სამომავლო პროგრესირებასა და ნაყოფიერებაში, ხოლო რაც შეეხება სუბიექტურობას, იმედია, მკაცრად არ განმსჯით, თუნდაც მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირებისას, შეუძლებელია არ იყოს სუბიექტური (ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გაგაჩნიათ, შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ ნუ დამძრახავთ, თუკი  წერილში ჩემი არგუმენტების ნუსხას არ ჩამოვწერ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ შორს წაგვიყვანს). -ხალხნო, ძალიან გთხოვთ, როდესაც სახლს დატოვებთ და  ქუჩაში გამოხვალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ის ჰაერი რომელსაც სუნთქავთ და გზა, რომელზედაც მიაბიჯებთ, არის საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი. ამ საზოგადოებრივ სივრცეში, თქვენს მსგავსად გადაადგლდებიან,  სუნთქავენ,  არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომელთაც შესაძლოა სხვა ინტერესები, ფასეულობები და მისწრაფებები გააჩნდეთ. მოდით, ნუ შევლახავთ მათ პირად თავისუფლებას, იყვნენ ბედნიერები და გარესამყაროსთან ურთიერთქმედების პროცესში, თქვენი ყოველი კილოჯოული ენერგიის დახარჯვისას, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ თითოეული ჩვენგანის პირადი თავისუფლება მთავრდება სწორედ იქ, სადაც იწყება თავისუფლება მეორე ადამიანისა. სტიუარტ მილმა ეს სიტყვები კარგა ხანია უკვე წარმოთქვა, დაწერა და სტიუარტ მილამდეც, დარწმუნებული ვარ, იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც იზიარებდნენ ამ მოსაზრებას. დღეს დღეისობოთ, კი ლიბერალიმის ეს საკრალური ქვაკუთხედი ყველა დემოკრატიული ქვეყნის ფუნქციონირების საფუძველია, თუმცა დემოკრატიული სისტემის ბერკეტები დღევანდელი მდგომარეობით, უძლურია ბოლომდე დაიცვას ყველა ის ფასეულობა, რომელიც ამ სიტყვებში ამ სიტყვების ავტორმა იგულისხმა: ქუჩაში გამვლელისათვის სიგარეტის მიბოლება, პირადი თავისუფლების და პირადი სივრცის დარღვევის უხეში ფაქტია, თუმცა ამის გამო კანონით არავინ დაგსჯის. არც, რიგში დგომისას, უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში თავისი ჯერის მომლოდინე ადამიანზე გადასწრება ითვლება კანონდარღვევად და არც ის ფაქტი, როდესაც მგზავრებით გატენილ, ლამის ადამიანების დიდ კონსერვად ქცეულ ყვითელ ავტობუსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში, ყველა სხვადასხვა ხმაზე გაჰყვირის, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას არა მარტო იმიტომ ხდის აუტანელს, რომ აქ ძალიან ვიწრო სივრცე და შენზე მოწებებული უამრავი, სურნელოვანი და უსურნელო ტაკუნაა, არამედ იმიტომაც რომ ამ ტაკუნების პატრონები სხვადასხვა ტონალობასა და ტემბრში უამრავ ბგერებს გამოსცემენ. ყველაფერს კანონით ვერ ისწავლი – სხვა დანარჩენებისათვის ელემენტარული ზრდილობა და ადამიანებთან მოქცევის კულტურა არსებობს, რომელიც საკმაოდ უხვად მოგვდგამს ისტორიულად ერს, სადაც „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძელის“ მოტივები შეიქმნა, სადაც „ვეფხისტყაოსანი“ მართლა ისეთ დროს დაიწერა, როდესაც ბევრი ჩვენი განვითარებული მეზობელი დასავლეთიდან, ფეხშიშველი ტყეში დარბოდა (ჰო, კარგით, ეს ,,ვეფხისტყაოსანამდე” ცოტათი ადრე იყო, მაგრამ არც თუ ისე ადრე), მაგრამ როგორც დღეს ჩანს, ამ ტყეში ფეხშიშველა მოტანტალე ველურებმა, ჩვენზე კარგად ისწავლეს ეს საგანი, რომელშიც ჩვენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ვინმე ნაცნობი შეგვხვდა, შეიძლება სამიანი გამოგვაყოლონ. სამიანს ვინ ჩივის, უბრალოდ, ჩვენდა სამწუხაროდ, თანამედროვე განვითარებულ დასავლეთში ნაცნობები ძალიან ცოტა გვყავს. მოკლედ, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. და ვიღაც-ვიღაცეები, გთხოვთ, ნუ გადაამეტებთ ჩემს სიტყვებს, ,,ქუჩაში არ ისუნთქოთ” მეთქი არ მითქვამს. უბრალოდ, გავითვალისწინოთ, რომ სახელწიფო, თანასწორუფლებიანი ადამიანების მიერ შექმილ ერთობას ნიშნავს, და  ამ საზოგადოების ცხოვრებაში არის ის შრეები, სადაც კანონი უძლურია და თითოეულ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მან, როგორც ზრდასრულმა, გონიერმა ძუძუმწოვარმა, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იარსებოს სხვა ზრდასრული და გონიერი ძუძუმწოვრების უფლებების დარღვევის გარეშე. იმ საზოგადოებას კი, სადაც მისი წევრები ზემოთხსენებული პრინციპით ხელმძღვანელობენ – მოქალაქეობრივად თვითშეგნებული საზოგადოება ეწოდება, მოქალაქეობრივი თვითშეგნება კი, დამეთანხმებით კულტურული ერის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია.

ცოტნე ჭანტურია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.