სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ


  • დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი სრულად არის მობილიზებული და გააგრძელებს ფართობების დამუშავებას მავნებლის საწინააღდეგოდ.

თუმცა, საკმაოდ მაღალია რისკი, რომ ფაროსანა,წვიმების შედეგად განვითარებული ნაცარი (სოკო) და სიდამპლე, თხილის მოსავალს მნიშვნელოვნად დააზიანებს, თუ არ მოხდა ფერმერების სათანადო ჩართულობა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მიმართავს და მოუწოდებს ფერმერებს გამოიყენონ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული შესაწამლი პრეპარატები და ე.წ. მიმწებებელი დანამატი, რომელიც ხელს უწყობს წამლობის ეფექტურობის ზრდას წვიმიან ამინდში. მოსავლის აღებამდე, სავალდებულოა 3 წამლობის ჩატარება ფაროსანას, სიდამპლის და ნაცარის საწინააღმდეგოდ ( ივლისის დასაწყისში და 10 – 12 დღის შუალედში ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისამდე).

ასოციაციის აგროკონსულტანტები მზად არიან ჯგუფის წევრებს საგანგებო რეჟიმში გაუწიონ მომსახურება – მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატების შესახებ და დაეხმარონ მათ შეძენაში.

ასოციაცია მოუწოდებს ფერმერებს შეუფერხებლად განახორციელონ აგროღონისძიებები, იმისათვის რომ შეინარჩუნონ გასულ წლებში მიღებული მაღალი ხარისხის მოსავალი. უხარისხო და დაზიანებული თხილის ფასი ნებისმიერ სეზონზე იქნება დაბალი და პირდაპირ აისახება ფერმერების შემოსავლებზე.”-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.