ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გიდობას ბატონი როინ ფარცვანია გვიწევს. ის ხელმძღვანელობს იქ მიმდინარე სამუშაოებს. მისი თქმით, ტაძრის მშენებლობის დასრულება დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
ბატონი როინი უშუალოდ გვაცნობს მხატვრებს, ადამიანებს, რომელთა ნიჭზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული როგორ ამღერდება ტაძრის ორნამენტები. თუმცა იმ ორნამენტების გალობა, რომლებიც უკვე ხორცად შესხმიან მშენებლობას,
ტაძრის ეზოში შევლისთანავე გესმით. მხატვრებს ძალიან გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა. ეზოში სხვადასხვა ადგილას დევს სამშენებლო მასალები, ქვები, რომლებზეც 30 მხატვარი და ხელოვანი მუშაობს. აქვე უნდა ვთქვათ-არცერთი მათგანი არ არის ზუგდიდელი, – ისინი ბაღდათიდან, ტყიბულიდან, ქუთაისიდან და ზესტაფონიდან არიან მოწვეულები. იქვეა საამქრო, სადაც ოსტატებს ქვაზე ამოჰყავთ ქართული ჩუქურთმები. ისინი დიდი რუდუნებით ასრულებენ ამ უმძიმეს სამუშაოს. მტვერი, ხმაური, სიცხე მათთვის უკვე უცხო არ არის. ეს მათი მეათე ეკლესიაა, რომელიც ხელით ამოყვანილი ორნამენტებითაა მოპირკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური აპარატურა, რომელიც თვითონ თლის ქვას და თვითონვე აჩუქურთმებს, ოსტატები მხოლოდ და მხოლოდ საჭრეთლითა და ჩაქუჩით მუშაობენ. ამ სამუშაოს მხოლოდ პროფესიონალები თუ გაართმევენ თავს, სულით ძლიერები, ღვთის მადიდებლები. მათი სულის მუსიკა გადაეცემა თითოეულ ჩუქურთმას. ეკლესიის მოსაპირკეთებლად იყენებენ ბოლნისის ტუფს. იქვე, ტაძრის ეზოში ცხოვრობს მეუფე გერასიმე. თითოეული ქვა და ორნამენტი მისი თვალის შენავლებია. ერთი ქვის გამოთლას დაახლოებით 1 დღე სჭირდება. მოჩუქურთმებას 2 ან 3 დღე. თუმცა,ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტიც დასჭირვებია თურმე,-გააჩნია სირთულეს. ტაძარი მოცულობით სამების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს საქართველოში. ქვედა ნაწილი (სარდაფი) 5 მეტრია, სადაც 2 ეკლესია იქნება შავი სამღვდელოებისათვის, ხოლო ზევით კი, 2 ეკლესია განთავსდება.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესოდ ჩაიარა. ,,ყველაზე” იმიტომ, რომ ჩვენ მონაწილეობაც კი მივიღეთ ტაძრის აღმშენებლობისა და გალამაზების საქმეში. მართალია, არც თუ ისე თამამად და გამართულად, მაგრამ საჭრეთლით და ჩაქუჩით ჩვენც ამოვიყვანეთ ქვაზე ჩუქურთმის დეტალი. რა თქმა უნდა, ოსტატის მეთვალყურეობით. და იქნებ მკრეხელობადაც ჩამოგვართვას ვინმემ, მაგრამ იმ ქვასთან და მის მჭრელებთან ერთად, ჩვენც ჩავეკირეთ საუკუნეებს.
ქეთი ჯეჯელავა,
ლუკა კიტია