მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, მანამდე კი, საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სამხარეო ადმინისტრაციის და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
რამდენიმე დღის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად სტადიონი ადგილზე დაათვალიერა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, დღეს შეხვედრა სფფ-ს სტადიონების განყოფილების უფროსთან მამუკა კვარაცხელიასთან შედგა, სადაც სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები დეტალურად განიხილეს. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე ეტაპი გადახურვის, განათების, ვინტილაციის სამუშაოებს და თანამედროვე სტანდარტების ტაბლოს მონტაჟს გულისხმობს. ტენდერი სტადიონის მეორე ეტაპის საპროქტო სამუშაოებზე უახლოეს დღეებში, მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ფეხბურთის ფედერაცია რეკომენდაციით მერიას ოფიციალურად მიმართავს. “ადგილზე სკურპულოზური დათვალიერების შემდეგ პირადად გავზომე ყველა პარამეტრი. მინდა მოგახსენოთ, რომ ზუგდიდის სტადიონი ზოგ პარამეტრში გადააჭარბებს კიდეც მესამე კატეგორიის მოთხოვნებს, მაგალითად თუ მესამე კატეგორიის სტადიონზე მინიმალური რაოდენობა მაყურებლებისა არის 4 500 კაცი, აქ 7 000-ზე მეტი დაეტევა, მინდვრის სიგრძე სიგანე- 105-68 იქნება, 200-ს გადააჭარბებს საპატიო სტუმართა ლოჟაში სკამების რაოდენობა, იქნება ჟურნალისტთა კეთილმოწყობილი ლოჟა, მათთვის ბრწყინვალე სამუშაო პირობები, ბუფეტი, ასევე კომენტატორთა ადგილები, მყუდრო საპრესკონფერენციო, შერეული ზონა. მცირე კორექტურის შემდეგ, მაყურებელი ყველა ადგილიდან დაინახავს სათამაშო მინდორს, მათთვის მნიშვნელოვანი ჰიგიენისა თუ ჯანმრთელობის დაცვის (სამედიცინო ოთახები) საკითხები ნორმაზე მეტად იქნება დაცული, ძალიან კარგადაა ნაფიქრი საჭიროების შემთხევევაში სტადიონის სწრაფად დაცლის საკითხიც. მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ გადახურულ სტადიონზე იქნება საკმაოდ კარგი ხარისხის ელექტროტაბლო. ალბად იცით, რომ უეფამ წელს, სულ მცირე ხნის წინ მესამე კატეგორიის სტადიონზე აუცილებელი გახადა ტურიკეტების დამონტაჟება და სტადიონის უსაფრთხოების საგანგებო კონცეფცია (სათვალთვალო კამერები, უსაფრთოების ოთახი და აშ), მეორე ეტაპზე ამასაც გაითვალისწინებენ. მოკლედ, ის მცირე გადახრები, რასაც მშენებლობის პროცესში ადგილი ჰქონდა მალევე გამოსწორდება და ზუგდიდელებთან ერთად მეც დავტკბები თქვენი სტადიონის სილამაზით! არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მსოფლიოში ყველა კლუბი საკუთარ ენაზე აწერს სტადონს სახელს და ჩვენში რატომღაც ამის უგულებელყოფა ხდებოდა. ზუგდიდის სტადიონი თუ არ ვცდები ერთადერთი ახალი სტადიონია საქართველოში, სადაც ჩვენს მშობლიურ, ქართულ ენაზე აწერია – ზუგდიდი!” – განაცხადა შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა და “უეფას” მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ. ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს “უეფას” სტანდარტების მესამე კატეგორიის სტადიონი ექნება.