სოფო ხუბულავასთვის ჟურნალისტიკა თავგანწირვას მოითხოვს

“ზუგდიდელების” სტუმარია რადიო “ათინათის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი სოფო ხუბულავა.

რატომ ჟურნალისტიკა?

-მართალი გითხრათ, ეს შემთხვევით მოხდა. სხვა ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მაგრამ მეორე კურსიდან, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიტანე საბუთები. ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია და როცა დამოუკიდებელი გავხდი, მივიღე ეს გადაწყვეტილება.

-სოფო, სხვადასხვა დროს, თანამშრომლობდი სხვადასხვა გამოცემებთან…

-დიახ, ჩემი პირველი სამსახური იყო გაზეთი, რომელიც მეგობრებმა დავაარსეთ. “სამეგრელოს ქრონიკა”, აგვისტოს ომის შემდეგ, უსახსრობის გამო, ვერ გამოვეცით. შემდეგ იყო სხვადასხვა ონლაინ გამოცემები, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მომცა. რაც შეეხება რადიო “ათინათს”, სადაც ბოლო 6 წელზე მეტია ვმუშაობ, ყველაზე მეტად მიყვარს. ამდენი ხანი არცერთ სამსახურში არ დავრჩენილვარ. ეს ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, აქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც მხარში მიდგანან და ყოველთვის მეიმედებიან.

-ბეჭვდითი, თუ ონლაინმედია, სად უფრო მეტი დოზითაა ჟურნალისტიკის პრინციპები წარმოდგენილი?

-თუ ხარ კეთილსინდისიერი მედიაორგანიზაცია, ამას მნიშვნელობა არა აქვს. გვაქვს საოცრად არაეთიკური გაზეთები და კიდევ უფრო მეტი ონლაინ გამოცემები… თუ სტატისტიკური თვალსაზრისით ვისაუბრებთ, გაზეთები უფრო იცავენ სტანდარტებს, რადგან ისინი მცირე დოზით არიან წარმოდგენილი, ხოლო ონლაინ გამოცემა ძალიან ბევრია და ჩანს, თითქოს, აქ ხშირად უგულვებელყოფენ ეთიკურ სტანდარტებს, თუმცა ეს ასე არ არის. რაც ყველაზე სამწუხაროა, მოქალაქეების ნაწილს, ხშირად უჭირს სერიოზული და ყვითელი ინტერნეტ გამოცემების ერთმანეთისგან გარჩევა.

-გქონიათ შემთხვევა, ინფორმაცია დაგიმალავთ იმიტომ, რომ თქვენს მშობლიურ ქალაქს შეარცხვენდა?

-არა.

-თუ გექნებოდათ, როგორ მოიქცეოდით?

-გააჩნია თემას… თუ საზოგადოებრივ ინტერესს ეხება საქმე, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რადგან ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც ხდება მათ გარშემო.

-გიგრძვნიათ თუ არა მასალის გამოქვეყნების შემდეგ, თავი “უნებლიე მხარედ” და რას აკეთებთ ასეთ დროს?

-არ მახსენდება, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ასეთ შემთხვევაში მთავარია ალღო და გამოცდილება. მთავარია, მიზანმიმართულად და შეგნებულად არ იყო მხარე.

-მიგაჩნიათ თუ არა, რომ დაქირავებულმა ჟურნალისტმა დამქირავებლის შეკვეთა კითხვის ნიშნის გარეშე, ბრმად უნდა შეასრულოს?

-რა თქმა უნდა არა. ჟურნალისტს ვერავინ აიძულებს წავიდეს თავისი სინდისის წინააღმდეგ. ამიტომაცაა, რომ ჟურნალისტები ხშირად გადადიან ერთიდან მეორე მედიაორგანიზაციაში. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის.

-თქვენი აზრით, რამდენად უსაფრთხოა ქართული ჟურნალისტიკა?

-თუ ჟურნალისტის ფიზიკურ უსაფრთხოებას გულისხმობთ, დიახ, არის. თუმცა მორალური თვალსაზრისითაც არსებობს საფრთხეები და ვფიქრობ, ეს საკითხი ამჟამად უფრო მწვავედ დგას. გმირია ის ჟურნალისტი, რომელიც იცავს ეთიკის სტანდარტებს და სიტყვის თავისუფლებას.

-ამბავი, რომელიც ჟურნალისტიკაში გადაგხდათ?

-ინფორმაციის მოსაპოვებლად ფეხით ვიარე 7 -10 კილომეტრი 40 გრადუს სიცხეში. ამის გამო ცუდად გავხდი და ერთი კვირა სიცხიანი ვიწექი. იყო ასეთიც… ერთხელ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა ერთ-ერთი სკოლის დასათვალიერებლად. ვიღებდი და მივდიოდით უკუსვლით, ამ დროს თხრილში ჩავვარდი და პრეზიდენტის დაცვამ ამომათრია. ფეხი ვიტკინე, მაგრამ ამბავი და კადრები მაინც მივიტანე რედაქციაში.

-იქნებ, გაიხსენოთ რესპოდენტი, რომელთანაც ურთიერთობა ძალიან კომფორტული იყო?

-არ მახსენდება.

-რესპოდენტი, ვისზეც სიამოვნებით დაწერდით…

-ოტო ფონ ბისმარკი,-სამწუხაროდ ცოცხალი არ არის.

-როგორ ფიქრობ, რთულია ჩვენს სფეროში თავის დამკვიდრება?

-ძნელია იყო ჟურნალისტი და მით უფრო კარგი ჟურნალისტი. ეს საქმე შენგან თავგანწირვას მოითხოვს.

-წიგნი, რომელიც ვერ წაიკითხეთ…

-ბევრია ასეთი… საბავშვო წიგნები, ძირითადად.

-დღეს, ქართული მედია 200 წლის გახდა…

-ვულოცავ კოლეგებს და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი მხოლოდ ჩვენს კოლეგებს ესმით, ამიტომაც მიყვარს და პატივსვცემ ყველას.

-ქრომოსომებს ითვლით?

-რა თქმა უნდა, არ ვითვლი. ასეთები ძალიან საყვარლები და უბოროტოები არიან… ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ზოგადად, ჩემთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს მხოლოდ განსხვავებული შესაძლებლობები. მე ამის ხმამაღლა თქმის უფლება მაქვს.

-როგორ იცლის ჟურნალისტი სიყვარულისთვის, ოჯახისთვის, ბავშვისთვის?

-ვერ იცლის. ამიტომ იჭყლიტება, მაგრამ თავის საქმეს არასოდეს მოეშვება. ალბათ, ვერც მე ვიქნები იდეალური დედა. ჩემი მეუღლე დათო ყუფუნია დევნილია, სოხუმელია. დათო ფერმერია და ძალიან უყვარს თავისი საქმე. ქვეყნის წინსვლას სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხედავს. ახლახანს შეგვეძინა ქალიშვილი ბარბარე. დედობა გმირობა ყოფილა, პრაქტიკულად 2 თვეა არ მძინავს, მაგრამ რა შედარებაა იმ განცდასთან, რაც ამ სიხარულს ახლავს თან. ახლა როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ხელში მყავს და მის სუნთქვას ვარ დადარაჯებული, ახლახან მიირთვა და მეშინია… აპატიეთ ეს პათოსი ჩემს ასაკს.

-რა რჩევას მისცემდი დამწყებ ჟურნალისტებს?

-ახალბედა ჟურნალისტებს ვურჩევ, არასოდეს წავიდნენ საკუთარი სინდისის და რწმენის წინააღმდეგ, დანარჩენი თავისთავად მოხდება.

-წარმატებებს გისურვებთ.

-მადლობა “ზუგდიდელებს”

ეკა ფარულავა

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.