- 20 ივნისს სომხეთში ქვეყნის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები იმართება. მასში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულია 25 პოლიტიკური ძალა – 21 პარტია და 4 ბლოკი.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. 2008 საარჩევნო უბნიდან 479 ერევანშია განთავსებული, 1529 – რაიონებში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2 მილიონ 578 ათას ადამიანს, მათ შორის 855 ათასზე მეტს დედაქალაქში. 363 ადამიანს არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს. ესენი არიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.
ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ქვეყნის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პირველი იყო, ვინც არჩევანი გააკეთა. მას ჟურნალისტებთან საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ არ უსაუბრია.
წინა დღით მან მოსახლეობას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანი იქნება.