სახალხო მოძრაობა “სამეგრელო” სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მიმართავს


“საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს.

ბატონო გიორგი,
აუცილებელ საჭიროებად მივიჩნიეთ, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, ჩვენის აზრით, უმნიშვნელოვანეს და უაღრესად პრობლემურ საკითხებზე.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებული არაერთი ენა გამქრალა. ფაქტია ისიც, რომ გამქრალ ენებზე მოლაპარაკე ხალხებმაც, დროთა განმავლობაში, ასიმილაცია განიცადეს, რაც დამეთანხმებით, იგივე გაქრობის ტოლფასია. ალბათ მოგეხსენებათ, რომ ,,გაჰქრა ენა – მოკვდა ხალხი”. ეს პრობლემაა და ის ათასეული წლებია, რაც დამოკლეს მახვილივითაა კაცობრიობის თავზე დაკიდული. ეს პრობლემა მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ხალხებისთვის თუ ეთნოსებისთვის. უკვე ოცდამეერთე საუკუნეა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, უკეთესობისაკენ ჯერჯერობით, არც არაფერი შეცვლილა, უფრო პირიქით, რადგან გლობალიზაციის ამ ყოვლის მანიველირებელ ეპოქაში, უფრო ძალუმად იგრძნობა ამა თუ იმ ენის გაქრობის რეალური საშიშროება. ერთი სიტყვით, რაც დრო გადის, საკითხი დამაფიქრებლი და აქტუალური ხდება. კაცობრიობას ისღა დარჩენია, როგორმე შეეცადოს და ეფექტურად წინ აღუდგეს ამ სავალალო ტენდენციას.
ამ მცირე შესავლის გაკეთება იმიტომ მოგვიწია, რომ ჩვენდა საუბედუროდ, ქართველი ერის წიაღში დაუნჯებული ლექსიკური სიმდიდრე, ანუ მეგრული, ლაზური, სვანური და საკუთრივ ქართული ენები დიდი ალბათობით შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში საერთოდ გაქრეს. ეს არანაირად არ გახლავთ ჩვენის მხრიდან საშიშროების გაზვიადების ოდნავი მცდელობაც კი. დიახ, თვით სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე ქართულ ენასაც კი ემუქრება სერიოზული საშიშროება, თორემ, სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურიცაა ყოველგვარი დამცავი მექანიზმების გარეშე დარჩენილ დანარჩენ ქართველურ, ანუ კოლხურ-იბერიულ ენებს მეტად სავალალო ხვედრი რომ ელოდება. ამიტომ აუცილებელია, კოლხურ- იბერიულ (ქართველურ) ენათა დაცვის სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა და საერთო ეროვნული ტრაგედიის თავიდან აცილება. ქვეყნის ხელისუფლება-მთავრობა ვალდებულია, სერიოზულად დაფიქრდეს ამაზე და დაუყონებლივ, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებებიც გაქრობის საშიშიროების წინაშე მდგარი ჩვენი ენობრივი კულტურის, ანუ კოლხურ-იბერიული ენების გადასარჩენად. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაუყონებლივ, შეიქმნას სპეციალური და კომპეტენტური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულ უნდა იქნას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით და მასში აუცილებლად უნდა იქნან ჩართული ენათმეცნიერები, მწერლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ. კომისიამ ზემოთაღნიშნული ენების დაცვა-განვითარების უზრუნველსაყოფად უნდა შეიმუშავოს ყოვლისმომცველი და კომპლექსური პროგრამა. ამ პროგრამაში, სკურპულოზურად ასახული ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზებით, შეუქცევადი უნდა გახდეს ჩვენი ენობრივ-ლექსიკური კულტურის არათუ დაცვა-გადარჩენა, არამედ, მისი შემდგომი განვითარებაც. პროგრამაში უნდა ჩაიდოს ყველაფერი, რაც შეუქცევადს გახდის დანარჩენ კოლხურ-იბერიულ ენებთან ერთად მეგრული ენის გადარჩენა-განვითარების პროცესსაც. ბუნებრივია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაგვაჩნია ჩვენი მოსაზრებებიც, რასაც ხელისუფლების მხრიდან კეთილგონივრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წერილობითი და ჩამოყალიბებული ფორმით, კომისიას განსახილველად აუცილებლად შევთავაზებთ. მაგალითად, ჩვენ ვფიქრობთ:
1. აუცილებელია, დაწყებითკლასებში ისწავლებოდეს მეგრული ენა.
2. აუცილებელია მეგრულ ენაზე ბეჭდვითი გამოცემების სტიმულირება.
3. აუცილებელია სახელმწიფომ მინიმუმ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში: ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში და თბილისში ორგანიზება გაუკეთოს მეგრულ ენაზე ტელე-რადიომაუწყებლობის ფუნქციონირებას.
4. აუცილებელია მეგრულ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს სახელმწიფო ენასთან პარალელურად, მინიმუმ საკუთარი რეგიონის ტერიტორიაზე მაინც, მიეცეთ “ნანაში ნინას” გამოყენების შესაძლებლობა.
ერთი სიტყვით, ბევრი რამეა საჭირო, მაგრამ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე აუცილებელიც – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამის პრაქტიკული განხორციელება. ერთეული მოხალისე-ენთუზიასტების ძალისხმევა, ნამდვილად, არაა საკმარისი და თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ მოგვარდა ეს პრობლემა, მაშინ, უახლოეს ათწლეულებში, ჩვენს ენას გაქრობა უწერია, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენი იდენტობის გაქრობასაც. ეს უკვე ეთნოსის სიკვდილია და ამის დაშვება ყოვლად დაუშვებელია…
ბატონო თავმჯდომარევ,
დარწმუნებულნი ვართ, რომ ხელისუფლების მიერ ჩვენი ინიციატივის გაზიარების და ადეკვატური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, აუცილებლად, შევძლებთ თვითმყოფადობის დაცვას და ამავდროულად, თუკი არსებობს რამე სახის საშიშროება კორდონებს იქიდან სეპარატიზმის სტიმულირებისა – მის უეჭველ პრევენცირებასაც. უნდა ვუწყოდეთ, რომ არარსებობს უკეთესი საშუალება სეპარატიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, ვიდრე ეს მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ზოგად ქართველური იდენტობის დასაცავად შექმნილი საკანონმდებლო-სტრუქტურული მექანიზმებია. უნდა გვესმოდეს, რომ კოლხურ-იბერიული, ანუ ქართველური სახელმწიფოს მშენებლობის იდეას სწორედ ამგვარი გონივრული და სტრატეგიულად გამართლებული მიდგომა სჭირდება.
მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურების და საზოგადოებრიობის ერთობლივი ძალისხმევით, ზოგადეროვნულ, ზოგადსახელმწიფოებრივ კონტექსტშია ჩვენს მიერ აქტუალიზებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელი და არავითარ შემთხვევაში გულზე მჯიღის ცემით, ან ურაპატრიოტული რიტორიკით.
ამავე დროს, ვაცხადებთ: ეროვნული ერთიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიბის იდეა ჩვენთვის არის საკრალური მნიშვნელობის იდეა. აქედან გამომდინარე, ინსინუაციები ამ თემაზე აპრიორულად და კატეგორიულად მიუღებელია.
…და ბოლოს, ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი ეს მიმართვა, არ დარჩება “ხმად მღაღადებლის აუდაბნოსა შინა”.
უფალი ფარავდეს ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების და კოლხურ-იბერიული თვითმყოფადობის უმთავრესი გამოხატულების – ენობრივ-ლექსიკური საუნჯის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებულ საქართველოს.

პატივისცემით,
ზურაბ კვარაცხელია, 
სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოს” რეგიონული რწმუნებული.
2019 წლის 7 აგვისტო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!