დღეს, ზუგდიდს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესტუმრა. მან სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრაზე, გამყოფი ხაზის სოფლების: ხურჩის, ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა განიხილა. მისი თქმით, ის პირადად იმყოფებოდა გამყოფი ხაზის სოფლებში და სახალხო დამცველი წლებია აკვირდება შექმნილ მდგომარეობას. „მქონდა შეხვედრები, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პრობლემები იყო სისტემური ხასიათის და მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, კვლავ არსებობს პრობლემები. გადავწყვიტეთ გაგვეანალიზებინა მდგომარეობა და კონკრეტული რეკომენდაციები მოგვემზადებინა იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. ჩვენ გვექნება აქტიური თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს”. ნანუაშვილის განმარტებით, კონფლიქტით დაზარალებულები და მათი უფლებების ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=GMn8HRNN8cg[/embedyt]
სახალხო დამცველმა გაიხსენა 2015 წლის იანვარში და გასული წლის 4 მაისს მომხდარი ფაქტები, მისი თქმით,ადამიანებმა დროლად ვერ გადმოკვეთეს გამყოფი ხაზი და ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც გარდაიცვალა ქალბატონი და 12 წლის მოზარდი. მან ასევე ისაუბრა დაკავების ფაქტზეც. „დაკავების პირობები არის მძიმე, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ბაზაში. დაკავებულები არასათანადო პირობებში იმყოფებიან არ მიეწოდებათ წყალი, საკვები, ათეულ ადამიანებს ერთად ათავსებენ ასაკისა და სქესის მიუხედავად”. მისი განმარტებით, ეს პრობლემები არ არის ახალი.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ საუნჯის“ გამგეობის თავმჯდომარის იაგო ფასანძის განცხადებით: „ ჩვენს რეგიონში ადამიანებს არა აქვთ უსაფრთხო გადაადგილების საშუალება, ისინი ხშირად მიმართავენ ალტერნატიული გადაადგილების საშუალებებს , რაც საფრთხეს წარმოადგენს“