საჩუქარი ზუგდიდელ მომღერალს ზუგდიდელი მომღერლისგან

  • ცნობილმა ზუგდიდელმა მომღერალმა ლუარა ქირიამ, ახალგაზრდა მომღერლისგან, ვახო გოგილავასგან დიდი ხნის ნაოცნებარი საჩუქარი მიიღო,–ალბომი “მე და ფანდური”.

ლუარა ქირია: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მომღერალ ვახო გოგილავას, რომელმაც დიდი ბედნიერება მომანიჭა და ჩემი სიმღერების ალბომი მაჩუქა. ალბომში შესულია ჩემი 28 სიმღერა, მათ შორის სიმღერა, რომელიც ჩემს შვილს მივუძღვენი. მგონია, თავიდან დავიბადე. მადლობა არდავიწყებისთვის”.

“ზუგდიდელები” დაუკავშირდა მომღერალ ვახო გოგილავას. “ლუარა ქირია ბავშვობიდან მახსოვს. ქალი ფანდურით, გულით რომ უმღერდა სამეგრელოს. მახსოვს, როგორ ყელმოღერებული იდგა სცენაზე და როგორ აცნობდა მსმენელს თავის შინაგან სამყაროს. როცა ამირჩიეს ჩემი უბნის მაჟორიტარად, ხშირი შეხება მქონდა სოციალურად დაუცველებთან. ერთ დღეს, როცა უპოვართა სასადილოში მომიწია მისვლა, მეტად გულის ამაჩუყებელ ფაქტს შევესწარი: ქალბატონი ლუარა ართობდა სოციალურად დაუცველებს თავის სიმღერებით. ვინატრე, ამ ქალბატონისთვის რაიმე სახის სიკეთის გაკეთება შემძლებოდა. შევიტანეთ განცხადება მერიაში, ქალბატონი ლუარას სიმღერების სტუდიაში ჩასაწერად საჭირო თანხის მოთხოვნით, რაც შეადგენდა 500 (ხუთას) ლარს. უარი მოგვივიდა. ისე შევწუხდი, ქალბატონი ლუარა თვითონ მამშვიდებდა. გავიდა დრო და გადავწყვიტე, ამეწყო ხმის ჩამწერი სტუდია, რომლითაც დავეხმარებოდი ნიჭიერ ადამიანებს, ვისაც არ ჰქონდა საშუალება საკუთარი თავის რეალიზების. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქალბატონი ლუარა მყავდა გათვალისწიებული. ეტაპობრივად ჩავწერეთ 28 სიმღერა. გავიდა დრო და გამიჩნდა სურვილი, მისთვის საჩუქრად გამეკეთებინა ალბომი. ამ ყველაფერს მივეცი სიმბოლური დატვირთვა: ყოფილმა დეპუტატმა (ანუ მე) ჩავუწერე სიმღერები, მოქმედ დეპუტატს დავით გახარიას კი, შევთავზე, ალბომის ჩაწერის ხარჯები გაეღო. დავითი სიხარულით დამთანხმდა. ასე ჩავუწერეთ ქალბატონ ლუარას ალბომი სახელწოდებით “მე და ჩემი ფანდური” და ოფიციალურად გადავეცით ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე”.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.