„საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია“ (GRMA) მხარს უჭერს


დღეს, „საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის“ (GRMA) წევრებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კონკურსში წარმოდგენილ კანდიდატურას ია მამალაძეს.  გაგაცნობთ განცხადების ტექსტს.
„ჩვენ, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არსდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე. ია მამალაძე წლების განმავლობაში იყო “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” თავმჯდომარე, საქართველოში მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის დირექტორი, მედიარეგულაციის გასაუმჯობესებელი არაერთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, არის წარმატებული მედიამენეჯერი, რამენიმე საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულის ავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიაექსპერტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში არსებულ პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” (GRMA) მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კონკურსში წარმოდგენილ კანდიდატურას ია მამალაძის სახით“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!