საქართველოს მოქალაქეებს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ნებაყოფლობით გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცემათ


  • ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი გურგენიძის განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა, გაწევრიანდეს ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში ან თავად დააფუძნონ ის.

ამგვარი უფლება ენიჭება სუბიექტთა ფართო სპექტრს, მათ შორის, დამსაქმებლებს, დამსაქმებელთა გაერთიანებებს, დასაქმებულთა გაერთიანებებს, პროფესიულ ორგანიზაციებს. ასეთივე, ნებისმიერ პირს უფლება ენიჭება გაწევრიანდნენ ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში, დასაქმებისაგან დამოუკიდებლად. კანონპროექტი რამდენიმე საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალებას იძლევა.

“კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორისა და აქტივების მმართველი კომპანიების ბაზრის განვითარებას, რადგან მათ გაუჩნდებათ დამატებითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული ბაზრების განვითარება კი თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ეფექტური ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემის ამოქმედებასა და დანერგვაში აისახება“, – განაცხადა გიორგი გურგენიძემ.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაიხვეწება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და იგი ევროკავშირში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს დაუახლოვდება.

მისივე თქმით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის პირობებში, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზარი საქართველოს მოქალაქეებისათვის უფრო მიმზიდველი და სანდო გახდება.

“ამგვარი წესების გაჩენით, მოცული იქნება სუბიექტების ყველა კატეგორია და ყველას გაუჩნდება გრძელვადიანი დანაზოგების შექმნის შესაძლებლობა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი დანაზოგების აკუმულირება, წარმოადგენს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას, რადგან აკუმულირებული თანხების ინვესტირება შესაძლებელი იქნება სწორედ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიანად, რაც აისახება უფრო ეფექტურ კაპიტალის ალოკაციაში და თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის გაზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა“, – განაცხადა გიორგი გურგენიძემ.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.