- ოზურგეთის, ნოდარ დუმბაძის, მესამე საერთაშორისო ფესტივალზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ორი პრიზი გადაეცა.
ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი გადაეცა მარინა დარასელიას, ეთეროს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში – „შაშვი შაშვი მაყვალი“, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე.
ასევე “ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაციისთვის” პრიზი გადაეცა ზუგდიდის თეატრის სპექტაკლს “შაშვი შაშვი მაყვალი” – ინსცენირება ნიკა ჩიკვაიძის.
მარინა დარასელია: “ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ: უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პორტუგალის, თურქეთის თეატრის წარმომადგენლები. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, ნომინაციების გამოცხადება დაიწყეს. ზუგდიდის თეატრი, რომ გამოაცხადეს და ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მარინა დარასელიას გადაეცემაო, სიხარულისგან ლამის გული ამომივარდა და ფეხები მომეკეცა. ემოციებში, შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი.
გვერდით მეჯდა ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი ლაშა შეროზია, რომელსაც ძალიან გაუხარდა. მომილოცა და გულში ჩამიკრა. ჩემს წინ იჯდა მსახიობი კახა გოგიძე, რომელმაც გულთბილად მომილოცა და მითხრა, პირველად მე გილოცავო და ჩამეხუტა. სცენაზე მაყურებელი ოვაციებით და მხურვალე აპლოდისმენტებით შემხვდა. მივხვდი, რომ მაყურებელს ძალიან ვუყვარვარ, ამიტომ დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, თეატრალურ საზოგადოებას და მაყურებელს დაფასებისთვის. ჩემს ქალაქში ჩამოსულს ყველა თბილად შემხვდა. მომილოცეს და მითხრეს, შენ ეს ტიტული დაიმსახურეო.
მინდა გითხრათ, რომ სექტემბერში ორმოცი წელი გახდება, რაც მე სცენაზე ვდგავარ. 1982 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. ჩამოვედი ზუგდიდში და მას შემდეგ, ზუგდიდის თეატრს ვემსახურები. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემს საყვარელ ქალაქში და ჩემს თეატრში ვმუშაობ. ვენაცვალე ჩემს არაჩვეულებრივ მაყურებელს”.