სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მისი მშობლები დაიკითხნენ


  • ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე ბრალდების მხარემ ესებუას მშობლები ნინო ჯიქია და ტარიელ ესებუა გამოკითხა.

ორივე მათგანმა დეტალურად გაიხსენა 2020 წლის 21 ოქტომბერი.

ნინო ჯიქიამ და ტარიელ ესებუამ სასამართლოში განაცხადეს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს მათი შვილი, ბადრი ესებუა მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა.

ესებუას დედის ინფორმაციით, ბადრი მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, რასაც მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებიც დაადასტურებენ.

როგორც ესებუას მშობლებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, ბადრი ესებუა სახლიდან 23 ოქტომბერს , ნაშუადღევს გავიდა და ის სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა.

მათივე თქმით, შვილი 23 ოქტომბრიდან დაკავების დღემდე არ უნახავთ.

სხდომაზე გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება წაიკითხა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ჩვენებაში ესებუას დედა წერს, რომ ბადრი ესებუა სახლიდან 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა და დაიბარა, რომ სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა, გასამგზავრებელი ფული კი მას ძმამ, ბიძინამ მისცა.

ჯიქიას პოლიციისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ესებუა სახლში 23 ოქტომბერს, დღის საათებში დაბრუნდა, მაისური გამოიცვალა, საძილე ტომარა წაიღო და სახლი დატოვა.

ჩვენებებს შორის უზუსტობასთან დაკავშირებით ესებუას მშობლებმა განაცხადეს, რომ ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერეს. ესებუას დედამ აღნიშნა, რომ ჩხრეკის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!