საპატიო სასახლელები


  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “საპატიო სასახლელის” წოდება მიენიჭათ სასახლის თანამშრომლებს, ქალბატონებს: ჯულიეტა კეიდიას, მაია თოდუას და როზეტა ქობალიას.

როგორც სასახლელები ამბობენ, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ზუგდიდის არაერთი თაობის ღირსეულად აღზრდასა და სასახლის შემოქმედებითი ცხოვრების განვითარებაში.

ჯულიეტა კეიდია, წლების განმავლობაში, იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი. ეს იყო სასახლისა და სასახლელების წარმატებისა და წინსვლის განსაკუთრებული წლები, მრავალი ინიციატივითა და კარგი საქმით. უკვე წლებია, მაია თოდუას ხელმძღვანელობით, ზუგდიდელი მოსწავლეები საფუძვლიანად ეცნობიან ქართველ ძველ, თუ თანამედროვე მწერლობას, ქართული ენის ურთულეს გრამატიკას. როზეტა ქობალია კი, სასახლის ბიბლიოთეკის დამფუძნებელი და განმავითარებელი გახლავთ.

,,საპატიო სასახლელის” წოდების დაწესება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნატა კემულარიას იდეა იყო. ”ზუგდიდელებთან” საუბარში მან აღნიშნა:

“-სასახლისადმი ამ ქალბატონების ასეთი უშურველი ღვაწლი გახდა მიზეზი, რომ გამიჩნდა იდეა, სასახლის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, დაწესებულიყო ”საპატიო სასახლელის” წოდება. ჩემი არჩევანი იყო, პირველად, სწორედ ამ სამი ღვაწლმოსილი თანამშრომლისთვის მიგვენიჭებია ეს ტიტული. ასეც მოხდა. ინიციატივა, რა თქმა უნდა, ტრადიციად იქცევა და სასახლე, საზოგადოებას, კიდევ ბევრ საინტერესო და საპატიო სახეს წარუდგენს შემდგომ წლებში”.

“ზუგდიდელები” დაუკავშირდა “საპატიო სასახლელებს”:

ჯულიეტა კეიდია

ჯულიეტა (დოდო) კეიდია: “მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წლების განმავლობაში ვიმუშავე. სასახლემ ქვეყანას, ზუგდიდს ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდობა აღუზარდა. ეს სასახლის კოლექტივის დამსახურებაა. ჩემთვის, დღემდე, სასახლის კედლები განსაკუთრებულია. ზოგადად, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ საკუთარ თავს ვუმადლი, იმისათვის, რომ ჩემი მუშაობით, სასახლეში, ყველა კმაყოფილი იყო. მინდა, ყველა სასახლელს წარმატება ვუსურვო”.

მაია თოდუა

მაია თოდუა: “-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა და ხანდაზმულობაცაა. სასახლეში 45 წლის წინ, მოვედი დიდი პატივისცემით, მოკრძალებით, მორიდებით და დღემდე ერთდ მოვდივართ. მიყვარს აქაურობა და თითოეული აქ მომუშავე პიროვნება ჩემთვის განსაკუთრებული და ძვირფასია. მინდა, შემთხვევით, ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, კოლეგებს დაფასებისთვის, სიყვარულისთვის.  სასახლეს დიდი წარმატებებს ვუსურვებ.”

როზეტა ქობალია

როზეტა ქობალია: “-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 40 წელია ვმუშაობ, ფაქტიურად, ჩემთვის მეორე სახლია. სამწუხაროდ, სასახლის 85 წლის იუბილეს ვერ დავესწარი. მინდა, გითხრათ, რომ სასახლეში, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. მინდა, სასახლემ სულ იჟრიამულოს. ჩემი სურვილია, სასახლეს მეტი ყურადღება მიექცეს და მეტად დაფასდეს პედაგოგების შრომა-ისინი ზუგდიდს და ქვეყანას თაობებს უზრდიან.”



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!